ნიკა მელია – “პარლამენტიდან გამოსვლა გამოსავალი არ არის”

ნიკა მელია - "პარლამენტიდან გამოსვლა გამოსავალი არ არის"დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ფეისბუქ ლაივის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დატოვება ან თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, არამედ ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.

„დავინახავთ, რომ პოლიტიკური პროცესის დრამატულად გაცოცხლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი წარმომადგენლობა ოპოზიციის გამოვიდეს პარლამენტიდან? მე გარწმუნებთ, არ არსებობს ერთი პარლამენტარიც, (დავიტოვებ იმედს), ვინც იქ დარჩება. ხომ გაინტერესებთ სიმართლე? თავისთავად პარლამენტიდან გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, შეიძლება სტრატეგიის ნაწილი იყოს, როგორც თავისუფლების მოედანზე შეკრება ვერ იქნება სტრატეგია, ან კარვის დადგმა. ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი და პუნქტები უნდა იყოს. რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიები იქ დარჩნენ, დაერქმევა ამ პარლამენტს ერთპარტიული პარლამენტი? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზურა ჯაფარიძეს, იმაზე მეტს ვიდრე ჰგონია, რომ ვცემ, მაგრამ მე როდესაც ციხეში ვიჯექი, ჩემთვის მიუღებელი იყო 49%-იანი ბარიერი და პარლამენტში შესვლაც, თანაც პლუს მთავაზობდნენ, რომ ამნისტიის მიღება მომხდარიყო იმ მახინჯი ფორმით, როგორც უნდოდათ და ხელი მომეწერა ჩემთვის მიუღებელ, ღირსებაშემლახავი დოკუმენტისთვის, მაგრამ მიიღო ზურა ჯაფარიძემ გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მე ციხეში ვიჯექი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, მაგრამ ამას ჩემი დამოკიდებულება ზურა ჯაფარიძისადმი არ შეუცვლია. ახლა როდესაც ზურა ჯაფარიძეს ვუსმენ და ამბობს, რომ პარლამენტიდან უნდა გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალო, არ არის სამართლიანი. კი ბატონო, ვითვალისწინებთ, დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთობით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, როდესაც ის ციხიდან გამოვიდა, კოლეგები უკვე პარლამენტში შესული დახვდნენ და ეს ფაქტი მისთვის ემოციურად მძიმე გადასატანი იყო.

„ეს საკითხი ჩემთვის არის ემოციურად ძალიან მტკივნეული. ჩემთვის სასიამოვნო და სასურველ მოგონებებს არ აღძრავს. მე ციხეში იმიტომ არ შევსულვარ, რომ ნებისმიერ ფასად გამოსვლა მომხდარიყო, სამწუხაროდ, რომ გამოვედი, პატივისცემა ჩემს კოლეგებს, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში შესული უკვე დამხვდა. თუკი რამე იყო ჩემთვის მძიმედ გადასატანი იყო ის ფაქტი, რომ ბოიკოტი შეწყდა.

მაშინ როდესაც პროცესები არ განვითარდებოდა ისე, როგორც განვითარდა რომ არა ჩვენი თავდადება. გამოვედი, პარტიები პარლამენტში არიან შესულები და არის თავდასხმა საზოგადოების, მათ შორის ჩვენი მხარდაჭერების მხრიდან, რომ რას აკეთებთ? ახლა გარეთ ყოფნას რაღა აზრი აქვს? შედით და ვართ ახლა იქ, სადაც ვართ. მაგრამ პარლამენტში ყოფნა არ გამორიცხავს პოლიტიკურ ბრძოლას სხვადასხვა პლატფორმებზე. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე გამოვსულიყავი, ჩემი მთელი ცხოვრების აქტიური ნაწილი დამეთმო პარტიული ღონისძიებებისთვის და აქტივობებისთვის და ჩვენი წარმომადგენლობა ყოფილიყო პარლამენტში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტიდან გამოსვლა პანაცეა არ არის.

„პარლამენტიდან გამოსვლას, როდესაც ადამიანი პანაცეად ისახავს, უბრალოდ არ მჯერა, მხოლოდ პარლამენტიდან გამოსვლა შეიძლება გახდეს პანაცეა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. ამით ისტორიულ უსამართლობას დავასრულებთ და ივანიშვილის რეჟიმიც ამოიშანთება, ამას როგორც კი დავინახავთ, მერწმუნეთ, ერთი საათი არ არის იქ არავინ გამჩერებელი”, – განაცხადა მელიამ.

იპნ