ბესიკ დონაძე – “ივანიშვილის დასანქცირება შეიძლება მოხდეს”

ბესიკ დონაძე - "ივანიშვილის დასანქცირება შეიძლება მოხდეს"კორუფციის მკვლევარი და “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესიკ დონაძე დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, მტკიცებულებები, რომელიც “ნოდარ მელაძის შაბათში” გასაჯაროვდა, ამის საშუალებას იძლევა.

სანამ ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, საფრთხე ემუქრება ქვეყნის თავისუფლებას, ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიას. მისი პირდაპირი თუ ირიბი კავშირები უკვე ამ წამს არსებული ინფორმაციით და მტკიცებულებებით იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანზე განხორციელდეს სანქციები, – ამბობს ბესიკ დონაძე.
“ნოდარ მელაძის შაბათმა” ბიძინა ივანიშვილის  რუსული ბიზნესების სამალავი აღმოაჩინა. ოლიგარქის მოქმედი კომპანია და მოქმედი ბიზნესი მოსკოვში,  კრონშტატსკის ბულვარი 7ა-ში მდებარე ბიზნესცენტრშია რეგისტრირებული.

რუსეთის ფედერაციის ერთიანი რეესტრის ოფიციალური დოკუმენტებით, (გაცემულია 2022 წლის 12  აპრილს) დგინდება, რომ რუსეთში, უძრავი ქონების ბიზნესიმპერიის ერთ-ერთ მოთამაშეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.

ქართველი ოლიგარქის დამალული რუსული კომპანიის “აქვა სპეისის” დირექტორი, ოლგა ბოროვიკოვაა, ის ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.