აშშ-ში, ლონგ-აილენდზე, ქართველი ქალის – მარინა გაბუნიას ცხედარი საკუთარი სახლის უკანა ეზოში, დასახიჩრებული იპოვეს, – ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
„ქალს თავს ძაღლი დაესხა, რომელიც მის რამდენიმე კვირის წინ დაღუპულ გერს ეკუთვნოდა. 70 წლის ქალის ცხედარი სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ იპოვა და პოლიცია გამოიძახა“, – წერს NBC New York-ი.
მედიის ცნობით, ძაღლმა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციაზეც სცადა თავდასხმა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა მას ესროლეს და მოკლეს.
„პოლიციის ოფიცერი, რომელიც ადგილზე ნანახით ტრავმირებული იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია შემთხვევის ადგილს „საშინელებას“ უწოდებს. პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ, მოტოციკლით, ავარიაში დაიღუპა. ის და ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ და კაცის დაღუპვის შემდეგ, ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ“, – წერს გამოცემა.