საქართველოდან მწერლებიც მიდიან – ქვეყანას, ლიტერატურული პრემია „საბას” გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი ტოვებს.
ჯილდოს მიღების შემდეგ, მწერალმა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებაზე ისაუბრა. პრემია კი როგორც თავად ამბობს, ემიგრანტ დედებსა და უმუშევარ მამებს მიუძღვნა.
თემო რეხვიაშვილმა ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა წიგნით – კურიერის ამბები.
გუშინ ვფიქრობდი, თუ მე ავიღე ეს ჯილდო, რა ვთქვა-მეთქი და პატარა დავწერე და წავიკითხავ, იმიტომ, რომ ძალიან ვღელავ. მინდა ამ შემთხვევით და სასიამოვნო დამთხვევით ვისარგებლო და 65 წლის იუბილე მივულოცო უდიდეს ავსტრალიელ მუსიკოსს ნიქ ქეივს, რომელიც „კურიერის ამბების“ ბოლო ორი თავის მთავარი პერსონაჟია. ნიქ ქეივის თავების წინა თავები კი გაკვრით ეხება საბინაო პოლიტიკას.
მინდა ეს ჯილდო სიმბოლურად მივუძღვნა ჩემს მშობლებს, ჩემს ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს, რომელთა ნაწილი სწორედ ამ და სხვა პრობლემების გამო იმყოფებიან ემიგრაციაში, უმუშევრად დარჩენილ მამაჩემს და სხვა მამებს, რომლებიც ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით ცხოვრება შეუძლებელია – თავიანთ ადგილს ვერ იმკვიდრებენ. რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ამ ქვეყანას, სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების არანორმალურად მაღალი პროცენტი, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი სხვა რამ გვაწამებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება“, – თქვა თემო რეხვიაშვილმა.