მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კონკრეტული ბრალდებები ჯერჯერობით უცნობია, რადგან საბრალდებო დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, მაგრამ ცნობილია, რომ გამოძიება ეხებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა. ამასთან, CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპს ბიზნეს საქმიანობაში თაღლითობასთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ბრალდება აქვს წაყენებული.
დონალდ ტრამპი ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სრულიად უდანაშაულოა”.
„ეს არის პოლიტიკური დევნა და ისტორიაში ყველაზე დიდ დონეზე არჩევნებში ჩარევა. მიმაჩნია, რომ ეს არის „კუდიანებზე ნადირობა“, რომელიც ჯო ბაიდენს მძიმე უკუშედეგს მოუტანს“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
ტრამპის ადვოკატებს ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის კენჭისყრის შედეგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპი სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარდგება.
ეს არის აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ, ან ამჟამინდელ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ “არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები”, ამ საქმეს „პოლიტიკური დევნის სუნი“ ასდის.
„ნამდვილად მჯერა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება დიდ ზიანს აყენებს ქვეყნისთვის და იდეა, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ კამპანიის დაფინანსების საკითხში ჩემთვის – ამას, ჩემი აზრით, უბრალოდ, პოლიტიკური დევნის სუნი ასდის და ვფიქრობ, ამერიკელი ხალხის დიდი უმრავლესობა ამას ასე დაინახავს“, – განაცხადა მაიკ პენსმა CNN-თან საუბარში.