წულუკიანი ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება?!

წულუკიანი ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება?!მორიგი სამთავრობო გადაადგილება „ოცნების” ხელისუფლებაში. ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს სავარაუდოდ მალე პრემიერმინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი დატოვებს. „მთავარ არხს” სანდო წყაროები უდასტურებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობასთან დამშვიდობება მოუწევს და ზურაბ აზარაშვილის სავარძელს თეა წულუკიანს გადააბარებენ, წულუკიანის ადგილს კი ქართული ოცნების დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე დაიკავებს.

აზარაშვილი „მთავარ არხთან” მის შესაძლო გადაყენებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. წყაროები კი ამბობენ, რომ აზარაშვილსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაა და მისი მუშობით ღარიბაშვილი უკმაყოფილოა.

საუბარია იმაზე, რომ ჯანდაცვის სფეროში გატარებული სხვადასხვა რეფორმების შედეგად, სამედიცინო კლინიკებიდან ბიუჯეტში კონკრეტული თანხები უნდა წამოსულიყო, თუმცა  გეგმა შეუსრულებელია. კლინიკებმა ჯანდაცვას უჩივლეს, რის შედეგადაც სამინისტრო 900 ათასი ლარის წაგებაშია, მაშინ როცა 30.000 ლარის მოგებას ელოდებოდა.

ასევე წყაროს ცნობით, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილსა და აზარაშვილს შორის დაპირისპირება იყო.

დიდი ალბათობით აზარაშვილის გადაყენებით იწყება ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციების შესუსტება ოცნების მთავრობაში.  სახელისუფლებო გუნდის ლიდერების ისტერიული ანტიდასავლური კამპანიისა და ხისტი სახალხო პროტესტის შემდეგ მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი იწინასწარმეტყველეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა.

ამავეს მოწმობს ოლიგარქის უახლოესი გარემოცვის წევრისა და ადვოკატის სკანდალური განცხადება, რომელმაც ხისტად გააკრიტიკა ივანიშვილის პროტეჟეები, მათ შორის მთავარი დარტყმა ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღეს.

წყარო: მთავარი.გე