„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმაზე, რომ უკრაინაში რუსეთი NATO-სკენ სწრაფვის გამო შეიჭრა, დასავლელი ლიდერებიც საუბრობენ.
კობახიძე ამბობს, რომ ბრატისლავაში უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია იყო.
„ამას ადასტურებს მთელი დასავლეთიც, რაღაცა მიზეზები ჰქონდა ამ კონკრეტულ სამხედრო აგრესიას. ამას ამბობენ დასავლელი ლიდერები, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას სწრაფვა ნატოსკენ, ეს არის დასავლელი ლიდერების განცხადება, აქ რა შუაშია ბელარუსი და რუსეთი. არაერთ განცხადებაა ასეთი. არის ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია, ეს შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას აცხადებენ ძალიან ხშირად დასავლელი პოლიტიკოსები, ეს არის ფაქტის კონსტატაცია.
ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც რომელიმე სხვა გუნდის წევრი. აქ არის ფაქტის კონსტატაცია, ეს ფაქტის კონსტატაცია არაერთხელ განუხორციელებია დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებსაც და საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო რა თქმა უნდა ეს,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, ღარიბაშვილმა თქვა რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვა იყო.