პრემიერი – „როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით“

პრემიერი - „როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით“თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენ ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე – ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქის სიტყვები დაიმოწმა და თქვა, რომ ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით.

„თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა, ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობთ ეკონომიკური აღორძინებისა და სოციალური სამართლიანობისთვის და ამ გზაზე არაერთი გლობალური გამოწვევის მიუხედავად მნიშვნელოვან პროგრესს, თვალსაჩინო შედეგს მივაღწიეთ, მანამდე გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ბოლომდე არ დავამარცხებთ სიღარიბეს და უმუშევრობას, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება თითოეული მოქალაქის სიძლიერე და კეთილდღეობა.

თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია, როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ფსევდო ფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და როდესაც ბოროტი ძალები ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, ცდილობენ ფაქტები აღქმებით ჩაანაცვლონ, რეალობად გაასაღონ სიცრუე, თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენ ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე”.