ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ძაღლმა, სახელად კომანდერმა თეთრ სახლსა და დელავერში 10-მდე ადამიანს უკბინა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
ამერიკის საიდუმლო სამსახურის წევრები გერმანული ნაგაზის ჩვევებზე ნერვიულობენ. ბაიდენის ოჯახი, საიდუმლო სამსახური და აღმასრულებელი სამსახურის წევრები კომანდერის დამატებით წვრთნებზე ერთად მუშაობენ.
22 თვის კომანდერმა საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს ხელსა და ბარძაყზე უკბინა. ინციდენტის შემდგომ დაშავებულს მკურნალობა კლინიკაში დასჭირდა. შემთხვევა 2022 წლის ნოემბერში მოხდა.
2022 წლის ოქტომბერშივე პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა ვერ შეძლო ძაღლის გაკონტროლება და კომანდერი კიდევ ერთ თანამშრომელს დაესხა თავს.
„მხოლოდ დროის ამბავია, თუ როდის დაესხმება თავს კომანდერი სხვა აგენტს ან ოფიცერს“, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის წერილში.
თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, თეთრი სახლის კომპლექსი განსაკუთრებული და ხშირად სტრესულია ძაღლებისთვის. ამერიკის პირველი ოჯახი მუშაობს სიტუაციის გასაუმჯობესებლად. სხვადასხვა სამსახურთან თანამშრომლობით კომანდერი დამატებით წვრთნებს გადის.