„ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროპას ჩამოსცილდეს”

„ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროპას ჩამოსცილდეს"გაზეთ „ახალი თაობის” კითხვებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე პასუხობს.

– ბატონო გიგი, როგორც იცით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “მაგნიტსკის სია” გამოაქვეყნა, სადაც მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ამ უწყების მინისტრი ვახტანგ გომელაური. რა ეტაპზე გადავიდა ,,ქართული ოცნების’’ ანტიდასავლური რიტორიკა? უახლოეს მომავალში რა ზომებს მიიღებენ სანქციების კუთხით საქართველოს დასავლელი პარტნიორები?
– მე “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებად ვერ მოვიხსენიებ. ეს პოლიტიკური გუნდი არის თვითგამოცხადებული მთავრობა, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ამ ადამიანებმა კონსტიტუცია რამდენჯერმე დაარღვიეს. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. ახლა არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუ რა ეტაპზე გადავიდა “ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკა. მათ უკვე ყველა ეტაპი და წითელი ხაზი გადაკვეთეს. ისინი არიან დასავლეთის პირდაპირი მოწინააღმდეგები. დღევანდელი ე.წ. მთავრობა ევროპულ ღირებულებებს ებრძვის და ევროკავშირი ქვეყნის მტრად ჰყავს გამოყვანილი. ივანიშვილის გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროპას ჩამოსცილდეს. მათ არაფერი აქვთ საერთო ქართველ ხალხთან. სანქციები კი მხოლოდ დასაწყისია. ,,მაგნიტსკის სიაში’’ მოხვედრა არის საბოლოო განაჩენი. ამ ადამიანებს არ შეიძლება ვუწოდოთ ხელისუფლება.
– ოპონენტის დისკრედიტაციისთვის “ქართული ოცნება’’ დამაკნინებელ ტერმინებს იყენებს. მაგალითად, “გლობალური ომის პარტია”, “ლიბერალური ფაშიზმი”, “პორნო ლიბერალიზმი” ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ,,Deep state-ის” ტერმინი შემოიღო. თქვენ როგორ ახსნით ამ ტერმინის მნიშვნელობას?
– ამ თემაზე მე დეტალურ ანალიზს ვერ გავაკეთებ. ამ საკითხით ფსიქიატრები უნდა დაინტერესდნენ. ეს ,,Deep state’’-ის ,,დაბადება’’ არის იმ ადამიანის განცხადება, რომელიც ყოველგვარ რაციონალურ ზღვარს გასცდა. ამიტომ ეს შემთხვევა სამედიცინო ექსპერტებმა უნდა განიხილონ. კობახიძის ამ განცხადების მის უახლოეს გარემოცვასაც კი არ სჯერა. მე გამიჭირდება იმის თქმაც, თუ ვისზეა გათვლილი ეს პროპაგანდა. ანალიტიკურ ჭრილში ამ საკითხების ადეკვატური და სიღრმისეული განხილვა უშედეგო იქნება. აქ მძიმე სამედიცინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
– ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ევროსაბჭოს წარმომადგენელი ქართული პოლიტიკის, ფაქტობრივად, ყველა წარმომადგენელს შეხვდა. როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის. როგორ შეაფასებდით ბერსეს განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” რუსულ კანონში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს? ამ ე.წ. აგენტების კანონის პირველ პლანზე წამოწევა სიტუაციის განმუხტვის მიზანს ემსახურება?
– ახლა არსებობს მხოლოდ ორი ნაბიჯი, რითაც შეიძლება სიტუაციის განმუხტვა. 1) უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება; 2) ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. დღეს ჩვენ რეალურად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ.
– გაქვთ მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” ახალ არჩევნებს ჩაატარებს?
– მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ “ქართულ ოცნებას” სხვა გამოსავალი არ აქვს. ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ხალხის ნდობა დაკარგა. “რუსულ კანონზე” საუბარი წარსულზე საუბარს ჰგავს, რაც ახლა არ არის ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო. ამიტომ ზემოთხსენებულ ორ თემას უნდა შევეხოთ და ამ საკითხების ირგვლივ უნდა იყოს კონსტრუირებული ჩვენი მომავალი. ვადამდელი არჩევნები მიუკერძოებელმა მხარემ უნდა ჩაატაროს.
– დღევანდელი საპროტესტო აქციები თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თქვენი აზრით, ეს საპროტესტო მუხტი ახალ 2025 წელსაც გაგრძელდება?
– ჩემთვის ნამდვილად ამაღელვებელია აქციათა ფართო სპექტრის არსებობა. განსაკუთრებით საქართველოს სხვადახვა კუთხის წარმომადგენელბის მსვლელობები იყო ძალიან ნიშანდობლივი და მშვიდობიანი. ეს საპროტესტო განწყობა და ქართველი ხალხის შეუპოვრობა არსად წავა. საქართველოს მოქალაქეები ევროპიი გზაზე უარს არასდროს იტყვიან და ბოლომდე დაიცავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, სანამ ჩვენი ქვეყნის სათავეში არ მოვა ის ხელისუფლება, რომლის მთავარი პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
საქართველო არ არის, არც რუსეთი და არც ბელარუსი. ქართველის შეშინება ფიზიკური ანგარიშსწორებით წარმოუდგენელია. ნებისმიერი წინაღობისა და დაბრკოლების მიუხედავად, ქართველი თავის პროტესტს ყოველთვის გამოხატავს. ამიტომ ახალ რეალობამდე იქნება სულ იგივე სცენარი და მოცემულობა. ახალ რეალობაში იგულისხმება პროდასავლური მთავრობის მოსვლა.
– რა გზავნილები გააჟღერა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან? რას ელოდებით 29 დეკემბერს, როცა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება?
– ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან წასვლას არ აპირებს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ახლა ერთადერთი ლეგიტიმური შტო საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებაში.
ზურაბიშვილი აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღიარებს პრეზიდენტის ლეგიტიმურ პოზიციას. ამ მოცემულობას აქვს დიდი წონა.
კოტიკო გოგინაშვილი