„ახალი თაობის” კითხვებს „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პასუხობს.
– ბატონო პაატა, რას ემსახურება თეა წულუკიანის ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო კომისია? წინა ხელისუფლების საქმიანობის “შესწავლის” უკან რა მიზნები იმალება?
– ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა არის ეს კომისია. ხალხმა მას ღალატის კომისია დაარქვა და მეც ძალიან მომწონს ეს დასახელება. ამ კომისიის მიზანია, საზოგადოებას არ ჰქონდეს რეაქცია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა პროტესტი, სანქციები, საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობა. ასევე “ქართულ ოცნებას” სურს, ყველა ნეგატიური ამბავი, რაც ამ პოლიტიკური პარტიის ირგვლივ ტრიალებს, ხალხმა არ გაიგოს. მათ მოიგონეს კომისია, რომელმაც 25 წლის წინანდელი ამბები უნდა გამოიძიოს და თუ ეს გაკეთდა, ჩვენ ვითომ ავშენდებით. ეს არის სისულელე. პირველი მიზეზი ამ კომისიის შექმნის არის ყურადღების გადატანა. ასევე “ქართული ოცნების” გეგმა არის ისტორიის გადაწერის მცდელობა.
“ვინც აკონტროლებს ისტორიას, ის ფლობს მომავალს”. ღალატის კომისიას ეს პროცესი მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომში რუსეთის ქმედებებს გაამართლებს. კიდევ ერთი მიზეზი არის, ლეგიტიმაცია შესძინონ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. “ქართული ოცნების” ლიდერშიპის გადმოსახედიდან, თუ შენ მიხვალ იმ კომისიის სხდომაზე, გამოდის, რომ შენ პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებ. ეს ინტერესები, რაც აქვს ამ კომისიას, არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს.
– საგამოძიებო კომისიის კიდევ ერთი მიზანი არის ნაციონალური მოძრაობისა და ყველა იმ პარტიის აკრძალვა, რომელიც ამ გაერთიანების ქოლგის ქვეშ იმყოფება. ხშირად მმართველი პარტიის ლიდერები ამ პროცესს, ნიურნბერგის პროცესს ადარებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია მასშტაბებში სხვაობა დღევანდელ მოვლენებსა და ნაცისტური რეჟიმის გასამართლებასთან?
– ეს გზავნილი სრული სისულელეა. ეს არის მცდელობა, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. “ქართულ ოცნებას” არავინ არ უშლიდა ხელს, რომ აქამდე გამოეძიებინა ეს საქმეები. დღეს ნაციონალური მოძრაობის 10-ზე მეტი ლიდერი არის გასამართლებული. მათი მიზანი გამოძიება არ არის. ეს არის სანახაობა. უფრო სწორად, ბოროტი სანახაობა. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ბოროტი ცირკი. ამ ყველაფერს უფრო დიდი მიზანი აქვს. ეს მიზანი ემსახურება ქვეყნიდან პოლიტიკური პროცესის გაქრობას. იმდენად სუსტია რეჟიმი, რომ მისთვის თავისუფალი მედიის არსებობა, არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა პრობლემაა. მათთვის თავის ტკივილია ოპოზიციის არსებობაც. პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი მაინც ოპოზიცია არის წარმოდგენილი. ვსვამ კითხვას – პარლამენტში ოპოზიცია არის? სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. დავანებოთ თავი იმას, არჩევნები გაყალბდა, არ გაყალბდა, “დიფ სთეითი” არსებობს, არ არსებობს, პროტესტი არის, არ არის. მათივე, ქოცების სტანდარტით, დავსვათ კითხვა. კონსტიტუციაში რომ წერია, ნახევარი ოპოზიცია უნდა იყოს, ამ სტანდარტს წულუკიანის ღალატის კომისია აკმაყოფილებს? რა კანონსა და რა სამართალზე ვლაპარაკობთ. “დიფ სთეითი” რა შუაშია? “ქართულმა ოცნებამ” ასეთი სტანდარტი დაადგინა, რომ სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი არის ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენ დავაფინანსებთ ბიუჯეტიდან, მედიამ რა უნდა ილაპარაკოს, ჩვენ დავადგენთ. ეს არის დემოკრატია, რომლითაც მთელ ევროპას გავაკვირვებთ? მათ არ მოსწონთ ფრანგული და ინგლისური დემოკრატია. ასევე არ სიამოვნებთ მაკრონის რეიტინგი და თვლიან, რომ ტრამპი “დიფ სთეითთან” დამარცხდა.
ქოცის ნარატივში მარტივი კითხვა უნდა დავსვათ, მთელი მსოფლიო ჩვენ რატომ გვებრძვის? რა უნდათ ჩვენგან, რას ითხოვენ? ქოცი რომ ყოველდღე მტერს იგონებს, რა ლოგიკით გვებრძვის მთელი მსოფლიო. ადრე ამბობდნენ, რომ “ბლექ როკი” არის მთავარი მტერი. “ბლექ როკი” არის ტრილიონზე მეტი კაპიტალის მქონე კომპანია. ზარქუა ბიძინას ბუტკიდან “ბლექ როკს” ებრძვის? ჩვენ ეს განცხადებები არ უნდა “ვჭამოთ”. ასეთ თემებზე ყურადღება არ უნდა გადავიტანოთ. არც ქათმის სკინტლიანი რძე არ უნდა მივირთვათ.
– “ქართული ოცნება” ცდილობდა ტრამპის ადმინისტრაციასთან მეგობრული კავშირების დამყარებას. ამერიკის ახალი ხელისუფლების ბოლო დროინდელი განცხადებების მიხედვით, ვაშინგტონიდან ტონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ იცვლება. დღეს მმართველი პარტიის პროპაგანდისტები მიიჩნევენ რომ ტრამპი ჯერ “დიფ სთეითს” ვერ ამარცხებს. ზაზა შათირიშვილის წერილში სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი. როგორ მიიჩნევთ, მმართველი პარტიის გზავნილები “დიფ სთეითის” “დამარცხების” შესახებ შეიძლება სხვა ინსტრუმენტით შეიცვალოს?
– ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა. ასეთი რეჟიმი მტრის ხატის გარეშე ვერ იარსებებს. ასეთ რეჟიმს მუდმივად სჭირდება მტრის ხატი, რათა ხალხმა არ დასვას კითხვები რეჟიმის ავ-კარგიანობაზე. ამ შემთხვევაში გლობალური ომის პარტია და “დიფ სთეითი” არის მტრის ხატი. ზაზა შათირიშვილი იძახდა, რომ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს ტრამპთან. საქართველოს ხელისუფლებას ეგონა, რომ კანონიდან გენდერის ამოღება, ტრამპს გადარევდა და ტრამპი ქოცების მეგობარი გახდებოდა. მართლა მაინტერესებს, ეს პრიმიტივიზმი ვინ მოიგონა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ კრიზისზე, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა და ამის სანაცვლოდ გვალაპარაკებენ “დიფ სთეითზე”, რომლის უკან “ბლეკ როკი” დგას. ამას ებრძვის შათირიშვილი, ზარქუა და მაჭარაშვილი. ვთქვათ, ასეთი ძალა არსებობს. ჩვენგან რა უნდათ? რატომ ჰგონიათ “ქართულ ოცნებაში”, რომ მათ ომს ვინმე აძალებს.
– რუსეთის დასასუსტებლად მეორე ფრონტის გახსნას ავალებდნენ საქართველოს. ეს არის მთავარი გზავნილი, რაზეც მმართველი გუნდის ნარატივი არის აგებული.
– ქოცები თვითონ ამბობენ, რომ სამ დღეზე მეტს ვერ გავძლებთო. სამდღიანი ომი რაში სჭირდებათ? გულწრფელად გეუბნებით, მოდი განვსაზღვროთ, თუ რაზე არის ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებული? რუსეთისგან საქართველოს დაცვის ერთადერთი გზა არის დასავლეთის რეაქცია. ეს ზვიად გამსახურდიამ თქვა. ჩვენთვის რა სჯობს? მარტო დარჩენილი საქართველო თუ საქართველო მოკავშირეებთან ერთად. საქართველო ევროკავშირის წევრი რომ გახდეს, რუსეთისთვის საქართველოზე თავდასხმა ადვილი არ იქნება. “ქართული ოცნება” ხშირად საუბრობს ომსა და მშვიდობაზე. საქართველო ევროკავშირთან და ამერიკასთან უფრო დაცულია, ვიდრე კობახიძე – ივანიშვილის ანაბარა დარჩენილი.
– “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ექსპრესის მიმართულებით მიდის. მმართველი პარტია ჩინეთთან დამეგობრებას ცდილობს. საგარეო ურთიერთობების ერთგვარი პრიორიტეტი არის ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ენის გამონახვა. ტრამპი ამბობს, რომ ის ვერ იმეგობრებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან?
– ივანიშვილის რეჟიმს არ აქვს ღირებულებები. საქმეს თუ დასჭირდა, მემარცხენე ძალა გახდება, დასჭირდება – მემარჯვენე. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ვექტორს მიყვებიან. ამ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და ივანიშვილის უსაფრთხოდ ყოფნა. ერთხელ, მახსოვს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ტრამპი “დიფ სთეითთან” მარცხდება, ხოლო მერე კობახიძე “იმედზე” გამოვიდა და თქვა, რომ “დიფ სთეითი” მარცხდება ტრამპთან. თუ ხელისუფლებაში მოსასვლელად ლგბტ პროპაგანდა დასჭირდებათ, ლგბტ პროპაგანდისტები გახდებიან. ესენი არიან ღირებულებების არ მქონე ადამიანები. “ქართულ ოცნებას” იმიტომ არ სჭირდება დასავლეთი, რომ ევროპა მათ დემოკრატიას მოსთხოვს. ისინი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, საკუთარი ხალხის ცემას არავინ აპატიებს. ხოლო ჩინეთი და რუსეთი ამაზე საყვედურს არ ეტყვის. ჩინეთში კომუნისტური პარტიაა ერთადერთი და აქედან გამომდინარე, მათ ამის პრობლემა არ ექნებათ. “ქართული ოცნება” ე.წ. ავტოკრატების კლუბის წევრი თავად გახდა. არ შეიძლება ტრამპისტობას იჩემებდა და პორტს ჩინელებს აძლევდე. ტრამპი სჭირდებათ თავიანთი ღალატის გასამართლებლად.
– “ქართული ოცნების” გზავნილები ევროსკეპტიკურ ხასიათს ატარებს. ხშირ შემთხვევაში ევროპა, რომელიც არის დემოკრატიის აკვანი, ცდილობენ გააშავონ და აჩვენონ საზოგადოებას, რომ დასავლეთშიც მმართველი ელიტები ოპონენტებს დევნიან. მარინ ლე პენის შემთხვევა მოჰყავთ, კიდევ საუბრობენ იმ გერმანელ სამართალდამცველზე, რომელიც აგრესიულად გაუსწორდა ერთ-ერთ მომიტინგეს. ეს შავი პიარის სტრატეგია რამდენად დამკვიდრდა საზოგადოებაში? რა გავლენას ახდენს პოლიტიკურად დაინტერესებულ სუბიექტზე?
– ეს არის რუსული პროპაგანდის სტრატეგია. თავი არასოდეს უნდა იმართლო და შეტევაზე უნდა გადახვიდე. “ქართული ოცნება” ევროპას დემოკრატიას ასწავლის. ძალიან სასაცილო მოცემულობაა. ამ პროპაგანდას თავისი მიზეზი აქვს. ყველა სახელმწიფოს და პარტნიორს თავისი მიზანი აქვს. ჩვენ უნდა მარტივი კითხვა დავსვათ, ვისი სტრატეგიული ინტერესი არის უფრო ახლოს საქართველოსთან, რუსეთის თუ დასავლეთის? რუსეთს არ სურს დემოკრატიული საქართველო. კრემლის ინტერესია, რომ ჩვენ მისი ჩექმის ქვეშ ვიყოთ.
“ქართული ოცნების” მთავარ პროპაგანდისტულ არხზე მიდის საუბარი, რომ საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს. მხატვრულად რომ ვთქვათ, ეს იგივეა, რომ მგელმა ცხვარს გამოუცხადოს, მე შენ ხორცის გამო კი არ გესხმი თავს, არამედ ძაღლებთან რომ მეგობრობ, მაგიტომ გესხმი თავსო. ცხვარმა ეს რომ დაიჯეროს და თქვას, მე დღეიდან ნეიტრალური ვარ. დაახლოებით ასეთ სიბრიყვეს გვეუბნებიან. თითქოს ნატოს გამო რუსეთი მიმართავს თავის მილიტარისტულ ზრახვებს.
– ნატოსთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას იყენებენ ანტიდასავლური რიტორიკის გასაძლიერებლად, რომ ნატოს გაფართოების გამო რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში.
– რუსეთს სამხედრო ინტერვენციის განსახორციელებლად მიზეზი არ სჭირდება. თუ რუსეთს ნეიტრალიტეტის მიმართ დადებითი მოლოდინი აქვს. ნეიტრალიტეტის მომხრეებს მინდა ვკითხო, რატომ არ უნდა რუსეთს, რომ საქართველოს კარგი საჰაერო თავდაცვა ჰქონდეს. “ქართულ ოცნებას” ომის გმირების გასამართლება უნდა, რათა მერე რუსეთს საქართველოში წინააღმდეგობა არავინ გაუწიოს. ქოციზმი არის ნეობოლშევიზმი.
კოტიკო გოგინაშვილი