ჯანო იზორია: “ბანკში სესხი თუ დამიმტკიცეს, მეორე შვილსაც გავბედავ”

ჯანო იზორია: "ბანკში სესხი თუ დამიმტკიცეს, მეორე შვილსაც გავბედავ"მსახიობი ჯანო იზორიამ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მესამე ადგილზე გავიდა და პრიზად ბინაც მიიღო, რომლის დასრულებასაც მოთმინებით ელოდება, რომ იქ ცოლ-შვილთან ერთად გადავიდეს. თუ რა ხდება მის ცხოვრებაში, ამის შესახებ ის “სარკესთან” საუბრობს.

— ჯანო, რა არის ახლა თქვენი მთავარი საქმე?

– ჩემი პროფესია, ამის იქით საქმე არ მაქვს.

— გაქვთ ახალი როლები თეატრსა თუ კინოში?

– პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები” რომ დასრულდა, მალევე რეჟისორმა თინათინ ყაჯრიშვილმა მიმიწვია თავის ფილმში “ჰორიზონტი”. გადაღებები თვენახევარი მიმდინარეობდა ჩემს მშობლიურ ქალაქ ფოთში. ასევე ვითამაშე გიგა ბაინდურაშვილის ფილმში “გაბანა”. ნოემბერში ზაფხულის სცენებს ვიღებდით და სიცივეში მოკლესახელოებიანი მაისურები გვეცვა.

რაც შეეხება თეატრს, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრის წევრი ვარ. როლების ნაკლებობას არ ვუჩივი, მაგრამ მსახიობებს გვაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. სტაბილური ხელფასი თეატრიდან მაქვს, კინოროლები იშვიათადაა. როცა არის შემოთავაზება, გრანდიოზული ჰონორარი არ გვაქვს, ისეთი, უცებ რომ დაგეტყოს ადამიანს.

— თქვენთვის უცაბედი ცვლილება პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მოხდა. ამ შოუმ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

– ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რამდენი ადამიანი მგულშემატკივრობდა. უამრავი მეგობრები შევიძინე. ჩემთვის ურთიერთობებია პრიორიტეტული. უფრო დიდი რაღაცები გაუკეთებიათ ცხოვრებაში, ვიდრე მე გავაკეთე. მაგალითად, ჩემმა პედაგოგმა, რეზო ჩხეიძემ, შედევრები შექმნა – “ჯარისკაცის მამა”, “ღიმილის ბიჭები”… მაგრამ მისთვის, პირველ რიგში, ადამიანური უბრალოება და ურთიერთობა იყო მთავარი.

— ნაჩუქარ ბინაში როდის გადახვალთ?

– 2018 წელს ჩამაბარებენ სახლს. მშენებლობის დასრულებას მოთმინებით ველოდები. გასაღებზე თუ რა “ბრელოკს” ჩამოვკიდებ, ესეც მოფიქრებული მაქვს.

— რას ჩამოკიდებთ, თუ საიდუმლო არ არის?

– ჩემი ქალიშვილის, ევას პირველ წინდას, რომელიც შოუში ჩემი თილისმა იყო. უკვე ვფიქრობ, როგორ მოვაწყობ სახლს. არ ვაპირებ, გადაპრანჭული ბინა მქონდეს. 2018 წელს მილიონერიც რომ გავხდე, მაინც სადად მოვაწყობ. მინდა, დარაბები მქონდეს და ერთი დიდი კედელი, სადაც ჩემი განვლილი ცხოვრების ფოტოებს, აფიშებს ჩავამონტაჟებ.

— ახლა როგორ გამოიყურება თქვენი პირადი ცხოვრების კადრები?

– გმადლობთ, კარგად. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ბანკში სესხი თუ დამიმტკიცეს, მეორე შვილის გაჩენასაც გავბედავ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ჩემი მეუღლე მსახიობი ნინი გოშაძე გახლავთ. ვზრდით ევას, თუმცა ხან დედა არ ჰყავს ბავშვს გვერდით, ხან – მამა. ნინიც ფოთის თეატრში თამაშობს, ფაქტობრივად ნინის დედამ გაზარდა ევა.

ევა მაშინ დაიბადა, როცა შოუში ვცეკვავდი. სულ რეპეტიციაზე ვიყავი, ამიტომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი. მერე ჩემმა სიდედრმა მე და ნინი ბარსელონაშიც გაგვიშვა.

— ევა უკვე ცდილობს სიტყვების თქმას?

– მამას ლაზურად და მეგრულად მეძახის – ბაბას. მე რაც დამაკლდა ცხოვრებაში, მინდა, მას მივცე.

— რა დაგაკლდათ?

– იყო რაღაცები, რაც არ მქონდა და გული დამწყდა. სხვანაირ დროში გავიზარდე. მახსოვს “არლიონოკის” ველოსიპედი, ხიდან გამოთლილი თოფი, მაგრამ რაღაცები იყო, რაც დამაკლდა. მინდა, ჩემს ევას ყველაფერი ჰქონდეს. სტუდენტი რომ იქნება, არაფერი უჭირდეს. მარტო ფულშიც არ არის საქმე, მინდა, სულით იყოს მდიდარი.

— ყურადღებიანი ქმარი ხართ?

– ცუდი არ ვარ, მაგიდას რომ ხელებს უბრახუნებენ, თუმცა საოცრად ვულკანური ადამიანი ვარ. ერთხელ ამოვხეთქავ და მაშინაც საკუთარ თავს ვვნებ, სხვის მიმართ აგრესია არ მაქვს.

— ცოლზე თქვენი ვულკანური ხასიათი არ მოქმედებს?

– არა, რას ამბობთ! მსგავსი არაფერი ყოფილა. ღმერთმა დაგვიფაროს, აქამდე მივიდეს ურთიერთობა! რომანტიკული ქმარი ვარ, არ მიყვარს ვიღაცის შეკრული, ბრჭყვიალა ყვავილების მირთმევა, შემიძლია, ღობეს გადავახტე, ხელები დავილურჯო და ყვავილები ისე დავკრიფო.

ნინი ძალიან ნიჭიერი, მოსიყვარულე ქალი და დედაა. ობიექტური, მომთხოვნი ადამიანია. საკუთარ თავს ბევრს სთხოვს, თავის პროფესიას დიდი პასუხისმგებლობით უდგება. ერთმანეთის კარგად გვესმის.

— არ ეჭვიანობთ?

– არა, ფრჩხილისოდენა ეჭვიანობაც არაა ჩვენ შორის.

— თავს იღბლიან კაცად მიიჩნევთ?

– შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა ცხოვრებაში მარტივად არაფერი მომსვლია.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”