რა მოხდა ქურდიანის ქუჩაზე და რა უძღოდა წინ 35 წლის კაცის მკვლელობას? – შოკისმომგვრელი დეტალები დღეს საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა გათქვა. ირკვევა, რომ ორმა მეგობარმა ერთ-ერთი პირი სახლში მოტყუებით აიყავნა, იქ სკოჩით დააბეს და მასზე ფიზიკურად იძალადა. მოგვიანებით ბინაში სხვა პირებიც მივიდნენ, რასაც ჯერ ურთიერთშელაპარაკება, შემდეგ კი უმისამართო სროლა მოყვა.
რაც შეეხება ნიკა ქარელაშვილის სიმაღლიდან ვარდნას, პროკურორის თქმით, რა ვითარებაში მოხდა ვარდნა, ეს ჯერ ძიებსი საგანია.
ქმედება საქმის მასალების მიხედვით ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ. აღნიშნული ქმედების მოტივი იყო წარსულში არსებული უთანხმოება. ბრალდებულები შეეცადნენ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. ერთი პირი დაზარალებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, ანუ მას სიცოცხლისათვის საშიში, ძალადობით შეუზღუდეს თავისუფლება. მეორე პირი დაზარალებულია მკვლელობის მცდელობის ნაწილში. აღნიშნულ პირს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა გულ-მკერდის არეში. დაპირისპირება დაიწყო კონკრეტული ადამიანის თავისუფლლებსი აღკვეთასთან დაკავშირებით.
ფაქტია, რომ (დაზარალებული) დაბმული იყო და ფაქტია, რომ გამოვიდა.
ინციდენტის მიმდინარეობისას, პიროვნებამ მიიღო სხეულის დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. დანარჩენი, როგორ, რა ვითარებაში და როდის მოხდა მისი ვარდნა, რის გამო მოხდა მისი ვარდნა, ეს ძიების საგანია”, – განაცხადა პროკურორმა.
განსასჯელის სკამზე დღეს ორი ბრალდებული იჯდა. მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის მეგობარია.
გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს, მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.
ამასთან, შსს-ს განცხადებით, დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი, ნიკა ქარელაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით წარედგინათ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 15 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

