ნანა კაკაბაძე – “დოდო გუგეშაშვილს რამდენჯერმე ჩემი ნახვა უნდოდა და რატომღაც გადაგვედო ეს შეხვედრა… ფინანსურად ძალიან უჭირდა და ქირით ცხოვრობდა”

ნანა კაკაბაძე - "დოდო გუგეშაშვილს რამდენჯერმე ჩემი ნახვა უნდოდა და რატომღაც გადაგვედო ეს შეხვედრა... ფინანსურად ძალიან უჭირდა და ქირით ცხოვრობდა"დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის მეორე დღეს ”ახალი თაობა” ნანა კაკაბაძეს ესაუბრა, რომელიც დოდო გუგეშაშვილს კარგად იცნობს.
ნანა კაკაბაძე:
– ძალიან მიჭირს იმის თქმა, ეს ანგარიშსწორება იყო თუ სხვა რამ. ვიცი ერთი რამ, რომ მკვლელს ორივე სასიკვდილოდ ჰყავდა გამეტებული, რადგან ჭრილობები ისე იყო მიყენებული. დოდოს ვაჟს თავის არეში აქვს ნასროლი და თვითონ დოდოს – გულმკერდის არეში და ფილტვში. ორივე მათგანი სასიკვდილოდ არის გამეტებული.
– რა შეიძლება იყოს ამ დანაშაულის მოტივი?
– ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. თანაც ისეთ შოკში ვარ, რომ ამის შეფასების და გაანალიზების თავიც არ მაქვს. მომხდარი რაც შევიტყვე, მას შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში ვარ, ოპერაციამ კარგდ ჩაიარა, იმედი მაქვს, რომ დოდო მალე გამოვა მდგომარეობიდან და ის მოჰფენს ნათელს ამ სურათს. მთავარია, გადარჩეს და გართულებები აღარ იყოს.
– რას ამბობენ ოჯახის ახლობლები, რას უკავშირებენ ყოველივეს?
– ვერაფერს ვერ უკავშირებენ. ყველა შოკშია. მასთან კონტაქტი ვერ დაამყარეს. ის უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მაშინვე საოპერაციოში შეიყვანეს, იმიტომ, რომ გულ-მკერდის არეში გადახსნილი ჭრილობა ჰქონდა. ასევე ფილტვიც დაზიანებული ჰქონდა. მისი დაკითხვა და რაიმეს თქმაზეც კი ლაპარაკი ზედმეტი იყო.
ვისაც გავესაუბრე, არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, რომ შესაძლოა რაიმე დაპირისპირების, ან შურისძიების გამო მოხდა ეს ყველაფერი. ამას ვერავინ ამბობს. მეზობლები ამბობენ, რომ დოდოს განწირული კივილი ისმოდა და შველას ითხოვდა.
– მკვლელი ოჯახს კარგად იცნობდაო.
– დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღით არის დოდოს შვილი მოკლული, იმიტომ, რომ გასროლის ხმა არ გაუგია არავის.
ანუ ეს კონფლიქტი არ წარმოიშვა შემთხვევით, ადამიანი იყო მიზანმიმართულად მათ მოსაკლავად მისული. გასროლის ხმა არავის გაუგია, არადა ორი ადამიანია დაჭრილი და მოკლული.
– ბოლო პერიოდში რას საქმიანობდა დოდო გუგეშაშვილი, ან მისი ვაჟი? გქონდათ ბოლო დროს მასთან კონტაქტი?
– ბოლო პერიოდში დოდო რამდენჯერმე შემეხმიანა, ჩემი ნახვა უნდოდა და რატომღაც გადაგვედო ეს შეხვედრა. ამიტომ არ ვიცი, რა თემაზე უნდოდა საუბარი. მას არანაირი არც ბიზნესი ჰქონია, არც წილები. მისი შვილი არ მუშაობდა.
– ითქვა, რომ ფინანსურად ძალიან მძიმე სიტუაცია ჰქონდათ.
– ფინანსურად ყოველთვის უჭირდა დოდოს. რაც ვიცნობ, სულ უჭირდა.
– ითქვა, რომ ეს ბინაც ნაქირავები ჰქონდათ. არ აქვს საკუთარი ბინა?
– მას დიდი ხანია, საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში არ ჰქონია. ქირით ცხოვრობდა და ფინანსურად ძალიან უჭირდა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა