12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში 35 მანდატისთვის 138 კანდიდატი იბრძვის.
თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მსურველი უფრო მეტი იყო. ზოგიერთმა კანდიდატმა საკუთარი ნებით თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.
მათ შორის ორი სოხუმის მეორე საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს. ამ ოლქში დეპუტატობის კანდიდატია აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი.
მისი დაბრუნება და საარჩევნო პროცესებში ჩართვა ამ არჩევნების მთავარი თემაა. მას თხოვნით მიმართეს ოპოზიციამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.
ფაქტობრივ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან დაპირისპირებულ ანქვაბს წინასაარჩევნოდ მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. აფხაზეთის ომის ვეტერანების ნაწილმა მისი პოლიტიკაში დაბრუნება გააპროტესტა. ვეტერანებმა განაცხადეს, რომ ანქვაბი დაარღვევს იმ სტაბილურობას, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დეკემბერში მოლაპარაკებებით მიაღწიეს.
ცოტა ხანში ამავე ხალხმა ანქვაბს 1992 წლის ომისწინა მოვლენები გაუხსენა. მათ მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ უნდა განაახლოს 1992 წლის 18 აგვისტოს მომხდარი ფაქტის გამოძიება. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ანქვაბმა, რომელიც მაშინ აფხაზეთის შს მინისტრი იყო, სამინისტროში შენახული იარაღი ქართულ მხარეს გადასცა.
ანქვაბის საწინააღმდეგო კამპანიას უპასუხოდ არ ტოვებდნენ მისი მომხრეები. ომში დაღუპულმა დედებმა ამ მიზნით მიმართეს რაულ ხაჯიმბას. მათი აზრით, ანქვაბი იდევნება, რაც დაუშვებელი და უკანონოა.
_ ნუ ცდილობთ პანდორას ყუთის გახსნას, _ მოუწოდა მოწინააღმდეგეებს თავად ანქვაბმა.
მან უარი თქვა სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ 2014 წლის მოვლენების გახსენებას უადგილოდ მიიჩნევს.
ამ მოვლენებს აფხაზეთში ბევრი სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ანქვაბის მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა ანქვაბმა მომიტინგეები მიატოვა.
ეს არჩევნები ბოლო მაჟორიტარული არჩევნები იქნება აფხაზეთში. სამომავლოდ დაგეგმილია შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შემოღება. აფხაზეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი ორი მოსმენით მიიღო.
კანდიდატები ძირითადად საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. კანდიდატები დაასახელეს პარტიებმაც. კერძოდ, ამცახარამ, აინარმა, ეროვნულმა ფრონტმა სამართლიანობისა და განვითარებისათვის და აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმმა.
ოლქების ნახევარში მოსალოდნელია მეორე ტურის ჩატარება. ექსპერტები მოელიან, რომ მომავალი პარლამენტი ჭრელი იქნება.
როგორც ჩანს, კანდიდატების სიჭრელე მიუღებლად მიიჩნია აფხაზეთის საზოგადოების მრავალრიცხოვანმა ნაწილმა. ამ ადამიანებმა მიმართეს მოქმედ პარლამენტს, გააუქმოს დეპუტატებისთვის დაწესებული ყველა შეღავათი, იმუნიტეტითა და მაღალი ხელფასით დაწყებული, სამსახურებრივი ავტომანქანებით დამთავრებული.
მათი აზრით, დეპუტატობა ბევრმა უღირსმა და პოლიტიკისაგან შორს მდგომმა პირმა მოინდომა, რომელთაც პარლამენტში პრივილეგიები იზიდავთ.
საზოგადოების მოწოდება არავის განუხილავს.
პარლამენტში შემთხვევითი ადამიანების მოხვედრას პროგნოზირებენ აფხაზი ჟურნალისტები. მათი აზრით, უცნობმა კანდიდატმა, რომელსაც საარჩევნო ოლქში ნათესავები ჰყავს, შეუძლია, ცნობილ პოლიტიკოსს აჯობოს.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

