_ ჩვენ ვუწვდით თანამშრომლობის ხელს უმრავლესობას და ვწერთ წერილს, თუ არ გვეხმაურებიან, ეს იძლევა საშუალებას, გაკეთდეს დასკვნა, როგორ აფასებს უმრავლესობა დემოკრატიის საფუძვლებს.
ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი არაკონსტრუქციულ განცხადებებს აკეთებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, პრეზიდენტი საუბრობს ორი ტიპის პრობლემებზე, რომლებიც მოსმენების შესახებ კანონს აქვს.
_ პირველი პრობლემა არის ის, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან რამდენად იქნება სტრუქტურულად შესაბამისობაში ახალი სააგენტო და რამდენად დამოუკიდებელი იქნება.
მეორე პრობლემა არის, რომ ამ კანონმა შეიძლება გაუმართლებელი ტვირთი დააკისროს ბიზნესს, რადგან კანონში მითითებულია, რომ სააგენტო იყენებს ბიზნესის რესურსებს. ჩვენ ამ ორი მიმართულებით ვფიქრობთ და მოვისმინეთ მოსაზრებები, _ აღნიშნა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით იყო ქუთაისში ჩასული და ყველა ფრაქციას შეხვდა, გარდა საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებისა.
_ ინსტიტუტები სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ერთმანეთთან უნდა გადიოდნენ კონსულტაციებს. როცა სხვადასხვა ფორმით ვუწვდით თანამშრომლობის ხელს უმრავლესობას, წერილს ვწერთ და პასუხს არ ვიღებთ, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვახორციელებთ დემოკრატიის საფუძვლებიდან გამომდინარე. თუ არ გვეხმაურებიან, ეს იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, თუ როგორ და რანაირად აფასებს უმრავლესობა დემოკრატიის საფუძვლებს, _ აღნიშნა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტი დღეს ფრაქციების ”ევროპული საქართველოს” და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები მოისმინა.

