ანა სუბელიანმა თეა წულუკიანს სააპელაციოში დავა მოუგო

ანა სუბელიანმა თეა წულუკიანს სააპელაციოში დავა მოუგოსააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი თანამშრომელი, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

_ ჩვენი სარჩელი თითქმის სრულად დაკმაყოფილდა. აღგვადგინეს ტოლფას თანამდებობებზე და დაკმაყოფილდა სრულად იძულებით განაცდური, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა, 3 წლის ხელფასი, _ აცხადებს ანი სუბელიანმა.

სუბელიანის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, სადაც ისინი პირგასამტეხლოს ანაზღაურებას ითხოვდნენ.

ახობაძე და სუბელიანი აღნიშნულის გასაჩივრებას აღარ აპირებენ.

2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი მათ გათავისუფლებას თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება.

_ 2013 წლის ნოემბერში წულუკიანმა ამობეჭდა ჩვენი ფეისბუქ პოსტები და ჩვენი თანამშრომლების თვალწინ დეტალურად განიხილა ისინი, ლაიქებიან-კომენტარებიანად. იქვე მიაყოლა უსაინტერესოესი შეფასებები: “ნაციონალების ძლოკვები”, “წინა მთავრობის გადმონაშთები”, “პირსისხლიანი მთავრობის დანატოვრები” და მისთანანი.

მერე დაიწყო თვენახევრიანი შანტაჟი, ხანაც გარიგების მცდელობები, იმისთვის, რომ ჩვენით დაგვეტოვებინა თანამდებობები. საბოლოოდ მოუწიათ ჩვენი გათავისუფლება რეორგანიზაციით და იმის შემდეგ სასამართლოში ვდაობთ, _ წერდა სუბელიანი რამდენიმე თვის წინ.

ანა სუბელიანმა სააპელაციოში გამარჯვება ფეისბუქზე ასე გამოხატა:

_ ერთად ვჭამთ ელარჯს სააპელაციო სასამართლოს საპატივცემულოდ!