ანექსირებული აფხაზეთის მეექვსე მოწვევის პარლამენტში, ორი ტურის შედეგების მიხედვით, 34 დეპუტატი აირჩიეს. 35-ე დეპუტატს მაისში განმეორებითი კენჭისყრისას აირჩევენ.
არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდა. არჩეულებიდან 31 აფხაზია, 3 _ სომეხი. როგორც მოსალოდნელი იყო, პარტიების მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა დიდი წარმატება ვერ მოიპოვეს.
სახელისუფლებო სახალხო ერთიანობის ფორუმის გარდა, არჩევნებში კიდევ სამი პოლიტიკური ორგანიზაცია მონაწილეობდა _ ამცახარა, აინარი, ასევე სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისათვის.
ნუჟნაია გაზეტას მთავარი რედაქტორის, იზიდა ჭანიას შეფასებით, მეექვსე მოწვევის სახალხო კრებაში ოთხი ჯგუფია წარმოდგენილი _ ხაჯიმბას, ანქვაბის მომხრეები, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუას თანამოაზრეები და დამოუკიდებელი დეპუტატები.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აფხაზეთში კრიზისის დადგომის შემთხვევაში ხელისუფლების დეპუტატები ოპოზიციაში გადავიდნენ, როგორც ეს სამი წლის წინ მოხდა.
ამ ეტაპზე ყველა საუბრობს იმაზე, რომ პარლამენტის შემადგენლობა არაერთგვაროვანია. მასში მეხუთე მოწვევის დეპუტატებიდან მხოლოდ 8 მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ კენჭს ბევრი იყრიდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ხალხმა პარლამენტის ძველ შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა.
ექსპერტის თქმით, ოპოზიცია ახალ პარლამენტში მრავალფეროვანია _ ზოგი ანქვაბზეა ორიენტირებული, ზოგი _ ტაბაღუაზე. ცალკე დგანან პარტია აინარის წევრები. ეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ძალებია.
არჩევნების წინ აფხაზეთში ქუჩის გამოსვლები და მწვავე პოლიტიკური კონფლიქტები აღარ შეიმჩნეოდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მაინც თვლიან, რომ საპარლამენტო არჩევნებმა აფხაზეთში პოლიტიკური დაპირისპირება ქუჩის აქციების კალაპოტიდან წინასაარჩევნო ბრძოლასა და საპარლამენტო დისკუსიებში გადაიტანა.
ეს არჩევნები ბოლო მაჟორიტარული არჩევნები უნდა ყოფილიყო აფხაზეთში. მომავალი არჩევნებისთვის იგეგმებოდა შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემების შემოღება, თუმცა არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხზე დღევანდელი ჭრელი საკანონმდებლო ორგანო.
„ახალი თაობა“, მარიამ მჭედლიშვილი

