ავთანდილ დემეტრაშვილი: „პრეზიდენტი პარტიის წევრი არ უნდა იყოს“

ავთანდილ დემეტრაშვილი: „პრეზიდენტი პარტიის წევრი არ უნდა იყოს“კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი პარტიის წევრი არ უნდა იყოს.

ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა თუ  300 კაციანმა ამომრჩეველთა კოლეგიამ, რომელიც დაკომპლექტდება 150 პარლამენტის წევრით და 150 აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებით.

_ ეს იდეა არ არის ახალი. ამ წესით ბევრ ქვეყანაში ირჩევა პრეზიდენტი, მაგრამ, როგორც წესი, ყოველთვის დომინანტურ კომპონენტს პარლამენტი წარმოადგენს. თუმცა, შემოთავაზებული ვარიანტი შერბილებულია, ამდენად ვერ გეტყვით, რამდენად დათანხმდება მას კომისია. რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი ჯობია მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩეულს. თუმცა, თუ 150-150-ზე იქნება, მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა პარლამენტს ექნება. ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტი ხალხმა პირდაპირი არჩევნებით უნდა აირჩიოს, _ აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

იგი  პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზის 45 წლამდე გაზრდას არ ეთანხმება.

_  მსოფლიოში პრეზიდენტების გაახალგაზრდავება მიმდინარეობს და ჩვენ უკან უნდა წავიდეთ?! მაგალითად, იტალიის პრეზიდენტი 50 წლის უნდა ყოფილიყო, მერე 45 გახადეს, ბოლო ცვლილებით 40 წლამდე შეამცირეს მისი ასაკი. 35 წელი, რომელიც ბევრი ქვეყნის კონსტიტუციით არის დადგენილი, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის და სხვ. ქვეყნის პრეზიდენტის ასაკად, სულაც არ არის შემთხვევითი. 35 საკრალური ციფრია, ძველი რომიდან მოდის.

საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს. ან არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უნდა დატოვოს პარტია. მით უფრო, რომ პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ის აღარ უნდა იყოს პარტიის წევრი. მაშინ მხოლოდ იმაზე შევჯერდით, რომ პარტიაში თანამდებობა არ უნდა ეკავოს და ასეც ჩაიწერა. პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, _ აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

„ახალი თაობა“, ნათია ხურცილავა