ბათუმში ჟურნალისტებიც მოიწამლნენ

ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო.
როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის ბათუმის სასწრაფი დახმარების ცენტრში აქციის ორი მოქალაქე გადაიყვანეს, თუმცა ადგილზე მყოფი დანარჩენი პირების თქმით, „თვალები ეწვით“ და „თავბრუ ეხვევათ“.

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა მოამბის წამყვანმა განაცხადა, რომ მოამბის რამდენიმე ჟურნალისტი ცრემლდენი გაზის მოქმედების გამო დაზარალდა.

მსგავსი განცხადება გაკეთდა რუსთავი 2–ის ეთერიდანაც. წამყვანის თქმით, ტელეარხის ჟურნალისტს ასევე აღენიშნება ინტოქსიკაციის ნიშნები.

ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებულმა სპეცრაზმა ცოტა ხნის წინ ცრემლსადენი გაზი მეორედ გამოიყენა. მომიტინგეების მისამართით გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც.