ბუბა კუდავა: ”ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებდა”

ბუბა კუდავა: ”ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებდა”25 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი შესრულდა.
ეს თარიღი ქვეყანამ და მისმა ხელისუფლებამ არასათანადოდ აღნიშნა, ფიქრობს ბუბა კუდავა, რომელმაც ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
_ ვფიქრობ, ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი სხვაგვარ, სრულიად განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებდა.
განსაკუთრებული სიყვარულით, განსაკუთრებული სიხარულით, დაფასებით, სიამაყით, დაფიქრებით აღნიშვნას.
1917 წლის 25 მარტი – ეს ხომ თარიღი და ისტორია არ არის მხოლოდ. ეს საოცრად თანამედროვე და უაღრესად სამომავლო მოვლენაა.
რაღაც გვჭირს, მგონი. სენი შეგვყრია – უდარდელობის, უფიქრელობის, უმოძრაობის. ან არც არაფერი შეგვყრია, უბრალოდ ესა ვართ, რაცა ვართ. ხსენება და დიდება მათ, ვინც ზუსტად 100 წლის წინ სვეტიცხოვლიდან ქვეყანას დიდი ამბავი ამცნეს. ვინც იღვაწა და იბრძოლა, მაგრამ ვერ მოესწრო, მათაც დიდება. დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!