პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს საჯარო მოხელის ეთიკის წესების გადაკითხვას ურჩევს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
მისი თქმით, გიორგი აბაშიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იყო უპატივცემულობა და გამოხდომა.
_ ბატონი აბაშიშვილის განცხადება იყო მორიგი უპატივცემულობა და გამოხდომა, რომელიც პარლამენტის წევრებს ეუბნება, თქვენ კანონებს რომ ცვლითო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეთო, ეს არის სიბეცეც, უვიცობაც, ეს ის ორგანოა, სადაც კანონები იცვლება, ეს ჩვენი ვალდებულებაა პირველ რიგში, რომ ბევრი რამ შეიძლება შევცვალოთ მიღებულ კანონში და ეს უნდა იცოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, _ განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, პარლამენტის თავმჯდომარეზე თქვას _ ეს ახალგაზრდა ბიჭუნა _ ან პარლამენტს ელაპარაკოს ამ ტონალობაში.
_ კეთილი ინებეთ და საჯარო მოხელის ეთიკა წაიკითხეთ ჯერ, ჩვენი პარლამენტის აპარატის უფროსი არასდროს თავს უფლებას არ მისცემს, რომ პრეზიდენტის მიმართ ასეთი განცხადებები აკეთოს. გააკონტროლეთ საკუთარი განცხადებები, ეს არის ჩემი პრინციპული მოთხოვნა. ბატონ კანდელაკსაც მინდა მივმართო, ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებებისთვის რაც გააკეთა პრემიერის მიმართ. ასეთი პერსონალური შეურაცხყოფები არის სრულიად დაუშვებელი, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.

