ემზარ კვიციანი: ,,მოსმენების კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტს ჩვენ ვთხოვეთ”

რაზე ილაპარაკეს პრეზიდენტთან, აპირებენ თუ არა მასთან თანამშრომლობას, რატომ არის უცნაური 21-ე საუკუნის ქართული პოლიტიკა, ვის არ უნდა ნაციონალების ბოლომდე ჩაძირვა? _ ამ თემებზე ,,ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ესაუბრება.

_ 21-ე საუკუნის ქართული პოლიტიკა ძალიან გაუგებარი და უცნაურია. აქ ხმამაღლა ერთმანეთს ლანძღავენ, სინამდვილეში კი ერთმანეთთან თანამშრომლობენ. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ არც მარგველაშვილთან და არც ,,ევროპულ საქართველოსთან” თანამშრომლობას არ ვაპირებთ.

თავად ვეტოს რაც შეეხება, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი სწორად უნდა მოქცეულიყო. მოსმენების კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტს ჩვენ ვთხოვეთ.

მასთან შესახვედრად საპარლამენტო ფრაქციის წევრები მივედით. პირადად მე ამ შეხვედრით კმაყოფილი ვარ. მარგველაშვილი არ ტოვებს ცუდი ადამიანის შთაბეჭდილებას.

გაზეთებში წერენ, რომ ის რესპუბლიკელებთან ერთად აპირებს გუნდის შექმნას, ჩვენ და რესპუბლიკელები კი ერთად ვერ ვიქნებით.

21-ე საუკუნის პოლიტიკა დიდი უცნაური რამეა და მე მას ვერაფერი გავუგე. სააკაშვილი სულ  რუსებს ლანძღავდა და მერე გაირკვა, რომ მაგათი კაცი იყო. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ ,,ოცნება” და მარგველაშვილიც შეთანხმებულად მტრობდნენ ერთმანეთს. როგორც ვატყობ, პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია.

ქართულმა პოლიტიკამ კი ის დამანახა, რომ თურმე შესაძლებელია ადამიანს ღიად აგინო, სინამდვილეში კი მასთან თანამშრომლობდე.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილს ვკითხე, რა პოზიცია აქვს ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს. მან მიპასუხა, რომ დასავლეთს უნდა, რომ პრობლემა მოგვარდეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთისთვის სულ ერთია, რა ბედი ეწევა დაკარგულ ტერიტორიებს, მათთვის მთავარია, კონფლიქტი არ იყოს.

რუსეთს, გასაგებია, რომ არ უნდა ამ ტერიტორიების დაბრუნება. ეს ერთადერთი ჩვენ გვინდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს.

,,ახალი თაობა”, შორენა მარსაგიშვილი