გარდაიცვალა 101 წლის ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი

გარდაიცვალა 101 წლის ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერიდღეს, 20 მარტს, საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალა ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი.

ეს პატარა ქალაქ პოკანტიკო-ჰილსში მოხდა, რომელიც ნიუ იორკის შტატში მდებარეობს.

დევიდ როკფელერი კომპანია სტანდარდ ოილის დამფუძნებლის და ისტორიაში პირველი მილიარდერის, ჯონ დევისონ როკფელერის შვილიშვილია.

დევიდ როკფელერი დაიბადა ნიუ იორკში 1915 წლის 15 ივნისს. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, სწავლობდა ლონდონში ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში. დაიცვა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში.

მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა დაზვერვაში ჩრდილოეთ აფრიკასა და საფრანგეთში ჯერ რიგითად, ბოლოს კი _ კაპიტნად.

1946 წელს დაიწყო მუშაობა ჩეიზ მანჰეტენ ბანკში, 1961 წელს კი მისი დირექტორი გახდა.

1981 წელს დევიდ როკფელერი ამ პოსტიდან გადადგა, რადგან მიაღწია იმ ასაკს, რომლის მერეც, ბანკის წესდებით, ამ პოსტს ვეღარ დაიკავებდა.

ფორბსის უახლესი რეიტინგით, დევიდ როკფელერს 581-ე ადგილი ეკავა ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 3,3 მილიარდი დოლარით.

ის მსოფლიოს ყველაზე მხცოვანი მილიარდერი იყო.

დევიდ როკფელერი ცნობილია თავისი ქველმოქმედებით.