ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ უნდა მოვძებნოთ სახსრები, რათა სათანადო დონის რეზერვი შევქმნათ.
_ ბატონო ირაკლი, თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია შეიმუშავა. საუბარია ახალი ტიპის სარეზერვო სამსახურის შექმნაზე, რომელიც იქნება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი. რამდენად არის საჭირო სარეზერვო სამსახური?
_ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავის თავს პატივს სცემს და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, სარეზერვო სამსახური უნდა ჰქონდეს. არც ერთ ქვეყანას, თვით ზესახელმწიფოებსაც კი, არ შეუძლიათ შეინახონ რამდენიმე მილიონიანი რეგულარული არმია. ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს, კარგად მომზადებული რეზერვი ჰყავდეს, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც თავდაცვის დროს, საომარი ოპერაციებისას, ასევე სტიქიური უბედურებების დროს.
საქართველოში ორჯერ იყო მცდელობა, რომ სარეზერვო სამსახური შექმნილიყო. თუმცა, სამწუხაროდ ორივე ჯერ ეს იდეა ჩაფლავდა და რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს კარგად გამოჩნდა 2008 წლის ომის დროს.
_ მთავარი ხარვეზი სად იყო?
_ ხარვეზი იყო მომზადებაში. ეს ადამიანები მომზადებულები არ იყვნენ. სამწუხაროდ, ხშირად ეს ყველაფერი პიარს ემსახურებოდა და სხვას არაფერს.
_ ახალი კონცეფცია რამდენად მისაღებია?
_ უკვე რამდენი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, რომ უნდა შეიქმნას ახალი კონცეფცია. ეს არის საჭირო, მაგრამ ჯერ მხოლოდ იდეის დამუშავება ხდება. არის სხვადასხვა კონცეფცია. თავდაცვის სამინისტრო შეჯერდა ერთ-ერთზე და ახლა ხდება მისი განხილვა ჯერ ექსპერტების დონეზე, ასევე ხდება მისი გაცნობა პარლამენტში შესაბამისი კომიტეტისთვის.
_ განსაზღვრულია სამი ტიპის რეზერვი: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი. რას გულისხმობს თითოეული?
_ შეიარაღებული ძალების რეზერვი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში კონკრეტულ ბრიგადას, ბატალიონს, ასეულს თუ ოცეულს უნდა დაეხმაროს. ომის დროს დანაკლისი შეავსოს, დაღუპულების თუ დაჭრილების სახით არსებული დანაკლისი. ეს რეზერვი ბატალიონთან ერთად გადის უშუალოდ მომზადებას.
ტერიტორიული რეზერვი თავის საცხოვრებელ ტერიტორიაზე მოქმედებს. ისინი უკეთესად იცნობენ მათ საცხოვრებელ არეალს და არმიას ეხმარებიან, მაგალითად, ტვირთების გადატანაში, მეგზურად გაყოლაში და მსგავს საქმეში.
სპეციალისტთა რეზერვი არმიას სჭირდება კონკრეტული მიმართულებით, სპეციალობით. მაგალითად, გვირაბის, ხიდის, წყლის სპეციალისტები, თუნდაც გვირაბის ან ხიდის აფეთქების დროს ან წყლის გაწმენდისთვის და ა.შ. ეს ადამიანები კონკრეტულ მომენტში არიან საჭირო.
_ ნატოს ქვეყნების სტანდარტი რეზერვთან დაკავშირებით როგორია?
_ ასეთი სტანდარტი არ არსებობს. ყველა ქვეყანა თავისი რეალობიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და ირგებდეს არსებულ რესურსს.
_ საუბარია ბიუჯეტზე. როგორც ვიცით, ანაზღაურებადი იქნება. რეზერვი ზოგადად იაფი სიამოვნება არ არის.
_ ქვეყნის თავდაცვა არასდროს არის იაფი სიამოვნება. როგორც ამბობენ, თუ შენს არმიას არ გადაუხდი, მოგიწევს სხვისი არმიისთვის გადახდა. კეთილი უნდა ვინებოთ და მოვძებნოთ ყველა შესაზლებლობა, რომ სათანადო დონის რეზერვი შევქმნათ.
_ კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი ბატონი თვადგირიძე ამბობს, რომ რეზერვი ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი იქნება. ეთანხმებით?
_ ჩემთვის მაინც მთავარი არის მოტივი, რომ ადამიანი წავიდეს რეზერვში. მოტივაცია ანაზღაურებით გაჩნდება თუ სხვა რამით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, როგორ იქნება ანაზღაურება, რამდენად შეძლებს ამას ქვეყნის ბიუჯეტი, ეს მეორე საკითხია.
_ ასაკზეც არის საუბარი კონცეფციაში _ 18-დან 55-წლამდე. ეს არის სტანდარტი?
_ სტანდარტი არ არსებობს. ყველა ქვეყანა თავისებურად განსაზღვრავს. მთავარია, ადამიანი ბრძოლისუნარიანი იყოს.
_ ყველას ახსოვს, 2008 წლის ომის დროს რეზერვი როგორ იდგა გორის ცენტრში და როგორ გადიოდა პირდაპირ ეთერში ეს კადრები. ალბათ ამ მიმართულებითაც არის საჭირო მომზადება.
_ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. არა მხოლოდ რეზერვის შეკრება გადაიცემოდა ღია ეთერში, ასევე ქართული ტანკების ცხინვალის მიმართულებით გადაადგილებაც. ეს უნდა მოეკითხოთ იმ ტელევიზიებს, ვინც ამას აკეთებდა. რამდენად იყო ეს თავსებადი ჟურნალისტურ ეთიკასთან, უფრო მეტიც, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთან.
_ თქვენ ინტერვიუს დასაწყისში პიარი ახსენეთ, ფორმალური სახე რომ არ ჰქონდეს ამ ყველაფერს და რეზერვი რეალურად რომ მომზადდეს, ამისთვის რა უნდა გაკეთდეს?
_ შეკრებას რაც შეეხება გორის ცენტრში თუ სენაკში, შეკრების გარეშე არ გამოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საათობით უნდა იდგნენ ერთ ადგილზე. შეიკრიბებიან და დავალება უნდა მიიღონ. გორშიც და სენაკშიც პრობლემა სწორედ ეს იყო, არ იყვნენ დავალების გამცემი პირები. ეს სისტემა არ იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველაფერი იყოს რეალურად გააზრებული და ჩამოყალიბებული.
”ახალი თაობა”, ნათია ხურცილავა

