_ ყველა, ვისაც მცირეოდენი გამოცდილება მაინც აქვს, ზუსტად ხედავს, რომ საქართველოში ივანიშვილის ეპოქა დასრულებულია. შესაძლოა კიდევ ორი წელი გასტანოს, ორ წელიწადში ისტორიას ჩაბარდება, მას არ აქვს მომავალი. მალე საქართველოს მოსახლეობა დაიყოფა 2 ნაწილად _ ნაქოცარები და მთელი დანარჩენი მოსახლეობა, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.
მისი აზრით, დაიწყება ყველა იმ ადამიანზე პოლიტიკური ნადირობა, ვინც რაიმე სახით იყო დაკავშირებული ივანიშვილის რეჟიმთან. ზუსტად იგივე მოხდება, რაც 2012 წლის შემდგომ მოხდა. ხოლო ახალი პოლიტიკური ცხოვრების შექმნა და გაგრძელება მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სტიგმისგან იქნებიან თავისუფალნი.
_ სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პრობლემაა გაუნათლებლობა. პარლამენტში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებმაც არათუ კონსტიტუცია არ იციან, ზოგიერთს წერა-კითხვაც უჭირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ დააბრეხვებდნენ ასეთ სისულელეს, რომ პრეზიდენტის ვეტო თურმე არის საპარლამენტო საქმიანობაში შეჭრა.
ამ ადამიანებს, რომელთა ნაწილიც სოდიდან და კუდიდან მოვიდა პარლამენტის შემადგენლობაში, კარგი იქნება, პატარა ბროშურები დაურიგონ, ან ტრეინინგები ჩაუტარონ და აუხსნან, რომ ვეტო არ არის მარგველაშვილის ნოუჰაუ და ეს ბევრ ქვეყანაშია მიღებული.
„ოცნებაში“ მაქსიმალურად ცდილობენ როგორც მარგველაშვილის განეიტრალებას, ისე არჩევით თანამდებობაზე ისეთი პირის მოხვედრას, რომელიც იქნება მათ მიერ კონტროლირებადი.
„ახალი თაობა“, ნონა ცაბაძე

