რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
_ ბატონო ლევან, თქვენ, როგორც წარმოშობით ბათუმელი, როგორ აფასებთ რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს? რეალურად რა მოხდა?
_ ბათუმში ყოველთვის იყო მანქანების პარკირების პრობლემა. რაც თავი მახსოვს, ამ თვალსაზრისით ბათუმი არასდროს გამოირჩეოდა. ახლა, როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. როგორც მე ვიცი, ჯარიმების გამოწერის ფაქტები მართლაც იყო, რამაც საერთო ჯამში ორმაგი გავლენა მოახდინა: ერთი, მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ, რაღაც წესრიგის მსგავსი გამოჩნდა. მეორე, მძღოლები უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ამას მიჩვეულები არ იყვნენ.
ეს მომენტი იქნა გამოყენებული. ნებისმიერ ქალაქში დაჯარიმებას ყოველთვის მოსდევს წინააღმდეგობა, მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ დაჯარიმებას ლამის სამოქალაქო ომამდე მისული სიტუაციის განვითარება მოჰყვეს. ამხელა ქალაქი ფაქტიურად დაგვინგრიეს, დაგვილეწეს. მოქალაქეებს ამხელა ზიანი მიაყენეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საბაბად იყო გამოყენებული.
_ ვისი მხრიდან?
_ სანამ გამოძიება არ დასრულდება და შედეგებს არ დადებს, მანამდე ვიღაცეები უკვე დამნაშავეებს ასახელებენ. ეს სრული უპასუხისმგებლობა არის.
ერთი, რაც პირდაპირ ჩანდა, არის ის, რომ ხელისუფლებამ რეაგირება 6 საათი დააგვიანა. ასევე, ხელისუფლებამ ვერ მოახდინა ამ მოვლენის პრევენცია. ხალხმა ტომრებით მოიტანა ქვებიო. სუსი რას აკეთებდა, როდესაც ეს ადამიანები ქვებს აგროვებდნენ?! ეს ნიშნავს, რომ უშიშროების სამსახური ცუდად ან საერთოდ არ მუშაობს. ის ფაქტი, რომ მოქალაქე ღოღობერიძე აცხადებს, რომ მე ვარ ორგანიზატორი, ესეც მიუთითებს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.
_ ვისთან გაქვთ კითხვები?
_ უსუსურობა გამოავლინა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევევ უშიშროების სამსახურმა. მთავარი კი არის ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან დააგვიანა. ფაქტობრივად ვანდალებს ქალაქი დაარბევინა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო, იმის შიშით, ვინმემ რამე არ დაგვაბრალოსო. ჩემი აზრით რეაგირება დაგვიანდა იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრმა თვითონ ვერ მიიღო გადაწყვტილება. თუ მე ვცდები და გადაწყვეტილებას პრემიერი იღებს, მაშინ რატომ დასჭირდა 6 საათი, რომ გადაწყვეტილება მიეღო?! ეს სამარცხვინოა.
_ თუმცა, არგუმენტები იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ჩუგოშვილი გამოხატვის თავისუფლების ბოლომდე უზრუნველყოფაზე საუბრობს.
_ მანქანის დაწვა გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში რომ არ არის, ეს ხომ იცის ჩუგოშვილმა. პირველი მანქანა რომ დაიწვა, სწორედ იქიდან დასჭირდა ხელისუფლებას 6 საათი, რომ ადეკვატური პასუხი გაეცა. გასაგებია, რომ პოლიტიკოსი მთავრობის სადარაჯოზე დგას, ეს ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია სიმართლე თქვას, ბოლოს და ბოლოს პარლამენტის წევრს, მით უფრო, რომ პარლამენტს არ დაუგვიანია, მთავრობამ დააგვიანა. ამიტომ დეპუტატს შეუძლია მთავრობა გააკრიტიკოს.
რაც ვნახეთ, იმას გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ ჰქონდა. თავიდანვე ჩანდა, რაც იყო, ამიტომ პოლიტიკური ძალები ამაზე რომ აპირებდნენ ქულების ჩაწერას, ეს კიდევ უფრო სამარცხვინო იყო. ვინც რამე დააპირა ამ მიმართულებით, ისინი სამარცხვინოდ მოიქცნენ. ვანდალიზმს ხელი შეუწყვეს.
რაც შეეხება აღკვეთას, ის მართლაც კანონის დაცვით მოხდა და ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. აქ მე ხელისუფლებაზე ცუდს ვერ ვიტყვი.
_ სოციალურ ქსელებში დადებით კონტექსტშია პატრულის მოწოდებები: თავი არ მიარტყას, არ სცემოთ…
_ დიახ, ეს კარგია და ამაზე არავინ დაობს, აქ საუბარია დაგვიანებულ რეაქციაზე. პოლიციაზე და სპეციალური დანიშნულების რაზმზე აქ ეჭვი არ არსებობს. რატომ დაარბიეს ქალაქი, რატომ მისცეს ამის შესაძლებლობა?! მთელი მსოფლიოს თვალწინ ლაივში ხდებოდა ეს ყველაფერი.
_ გამოძიებაზე მინდა გკითხოთ.
_ მართალი გითხრათ, გამოძიების ბოლომდე არ მჯერა, რადგან საქართველოში არაფერი ბოლომდე გამოძიებული არ მინახავს, მაგრამ მოსამართლეებს ვაცალოთ, გამოიტანონ განაჩენი. პარლამენტის წევრი თალაკვაძე და პარლამენტის წევრი მდინარაძე ნუ გამოიტანენ განაჩენს. წინასწარ ნუ გვეუბნებიან, ვინ არის დამნაშავე, მაშინ როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს საგამოძიებო ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ და შემდეგ სასამართლომ დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე.
_ ბატონო ლევან, ქსენოფობიური განცხადება, რომელიც თითქოს წინ უძღოდა ამ მოვლენებს, თუმცა, ეს ფაქტი არ დასტურდება, რამდენად არის დღეს სენსიტიური აჭარაში?
_ ეს არის ასლან აბაშიძის ხელწერა, რომ თითქოს ერთმანეთს მსგავს რამეს ვაბრალებთ, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს. ეს ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი. ეს არაფერ შუაში არ არის რეალობასთან. რა თქმა უნდა, შეიძლება ბრბოს ეს უთხრა და გადარიო, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველოს პრობლემაა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, ეს ტყუილია. ჩვენ ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ამიტომ, ვინც ამას აღვივებს, ისინი უნდა ვიპოვოთ და კანონის მთელი სიმკაცრით დავსაჯოთ.
პატრულის უფროსის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება ყოფილმა უფროსმა დაგეგმა, ან ვიღაცამ სხვამ, რომ თავისი კაცი ჰყოლოდა უფროსად. როგორც ჩანს, მან მოიფიქრა ეს საშინელება. ვინც მსგავს რამეს ამბობს, ვინც ამით ხალხს ჭკუას ურევს, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. სინამდვილეში კი ვიცი, რომ ასეთი პრობლემა საქართველოში არ დგას.
_ ექსპერტები ამბობენ, რომ გარედან ვიღაცამ შეიძლება ერთგვარად ძალები მოისინჯა თუნდაც აჭარაში, რამდენად უშვებთ ამ ფაქტს?
_ თუ ხელისუფლება თავის ადგილზეა, არაფერი მოხდება. მსგავსი ამბების პრევენცია უნდა ხდებოდეს. შეუძლებელია, ასობით ადამიანი ქალაქში ჩამოიყვანო ქვით სავსე ტომრებით ხელში და ეს უშიშროებამ ვერ დაინახოს. ამ ზღაპრებს ნურავის მოუყვებიან. თავიანთ რიგებში ეძებონ მოღალატეები და გაყიდულებიც. მე არ მგონია, რომ ხელისუფლება თავისი მოქმედებით კმაყოფილი იყოს, კრიტიკულად უნდა შეისწავლოს ეს ამბავი. ერთი, ვინ არიან სუსის ის თანამშრომლები, რომლებიც ვანდალებთან ერთად დგანან და არა სახელმწიფოსთან ერთად? მეორე, რატომ მოხდა რეაგირების დაგვიანება?
_ ფიქრობთ, რომ ეს იყო შიდა უწყებრივი დაპირისპირება ორ ძალოვან უწყებას შორის?
_ ძალა, რომელსაც ასეთი აფეთქება შეუძლია აჭარაში გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, არსებობს. ანუ არსებობს ბრბო, რომელმაც შეიძლება მსგავსი სისულელე დაიჯეროს. მაგრამ, თუ სახელმწიფოში მოწოდების სიმაღლეზე იქნება უშიშროების სამსახური, ეს ძალა არაფერს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ ამის ორგანიზატორი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია დაინგრევა, თუ ასეთი აზროვნება ექნება. თუმცა, იყვნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიეტმასნენ. ეგონათ, რომ მომგებიანი იქნებოდა.
ვარშალომიძეს ოდნავი გონება რომ ჰქონოდა, მხარდამჭერ აქციას ხომ არ დააანონსებდა. მერე გაუქმება მოუწია, როცა გაირკვა, რომ ვანდალიზმი მოწონებული არ არის მოქალაქეების მიერ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

