ლევან ხაბეიშვილი: ”მარგველაშვილის წინააღმდეგ კობახიძე ივანიშვილმა აამხედრა”

 ”ახალ თაობას” პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

_ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ღიად უპირისპირდება პრეზიდენტ მარგველაშვილს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ ხელისუფლებას ამ ინსტიტუტის გაუქმება სურს.
_ ხალხის რეაქციის რომ არ ეშინოდეთ, დიდი სიამოვნებით გააუქმებდნენ ამ ინსტიტუტს. ხელისუფლება ირაკლი კობახიძის პირით ღიად ემუქრება მარგველაშვილს და ეუბნება, რომ თუ წესიერად არ მოიქცევა, პრეზიდენტის არჩევის წესს შეცვლიან. აქედანაც ნათლად ჩანს, თუ რა მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ამ ინსტიტუტის მიმართ.
შექმნილ ვითარებაში ერთი კარგი რამეც მოხდა, პრეზიდენტმა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც პარლამენტში შექმნილი კომისიის პარალელურად იმუშავებს. კობახიძე გამოდის და ამბობს, ჩვენს კომისიაში მაღალი ჩართულობააო, რასაც ვერ დავეთანხმები. ამ კომისიაში კვალიფიციური სუბიექტებიც კი არ მონაწილეობენ. ჩვენი პარტიაც კვალიფიციური სუბიექტია, მაგრამ ამ კომისიაში სამუშაოდ არ დაგვიძახეს.
_ მიზეზი რა იყო?
_ არჩევნებზე ჩვენ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან ერთად ვღებულობდით მონაწილეობას. ბლოკის დასახელებაში პირველი ბურჭულაძის პარტია ეწერა და ამიტომ მიიწვიეს ისინი.
_ იურიდიულად არის რაიმე განსხვავება, საარჩევნო ბლოკში ვინ პირველი ეწერება და ვინ მეორე?
_ არანაირი განსხვავება არ არის. ”ახალი საქართველო” ისეთივე კვალიფიციური სუბიექტია, როგორიც ნაციონალური მოძრაობა, ბურჭულაძის პარტია და დემოკრატიული მოძრაობა. ჩვენ გარდა, კიდევ არიან კვალიფიციური სუბიექტები, რომლებსაც კომისიაში სამუშაოდ არ დაუძახეს. ახლა მითხარით, რანაირად არის ამ კომისიაში ფართო სპექტრი წარმოდგენილი, როცა პოლიტიკურ პარტიებს, კვალიფიციურ სუბიექტებსაც კი არ ეძახიან.
_ თქვენი აზრით, ასე რატომ მოიქცნენ?
_ არ უნდოდათ კომისიაში ბევრი ტვინის მბურღავი ჰყოლოდათ, ესენი ხომ სინამდვილეში არაფრის გამკეთებლები არ არიან. რამდენიმე თვეა, რაც შეიკრიბნენ, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. იმასაც კი ვერ ამბობენ, რაზე მუშაობენ, რაღაცებს მიედ-მოედებიან. არჩევნების ჩატარების წესი საერთოდ სავაჭრო თემად აქციეს. ამბობენ, რომ შესაძლოა რეგიონალურ-პროპორციულ სისტემაზე გადავიდნენ. არადა 2012 წელს ხალხს დაპირდნენ რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა უკვე გაუქმებული იქნებოდა. 2016 წლის არჩევნების წინ თქვეს, რომ ახალი სისტემა 2020 წლისთვის ამოქმედდებოდა. ახლა ამბობენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის წევრები არა ვართ, ჩვენი ინიციატივები მივწერეთ. საუბარია სერიოზულ ცვლილებებზე და არა _ ფასადურ რემონტებზე. პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში აუცილებლად ვიაქტიურებთ. იქ ყველას შეუძლია ჩართვა და ეს ფაქტი მხოლოდ მისასალმებელი. რასაც ვუყურებ, აქ პროცესი უფრო გამჭვირვალე იქნება, ვიდრე კობახიძის კომისიაში.
მგონი, ხალხიც ატყობს, რომ ამ ყველაფრის გამო პარლამენტის თავმჯდომარე მარგველაშვილზე დაბოღმილია. რაც უფრო ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტი, მით მეტად ბოღმიანი ხდება პარლამენტის თავმჯდომარე. პარალელური საკონსტიტუციო კომისია რომ შეიქმნა, ამაზე კობახიძე სულ გადაირია, გრძნობს, რომ მარგველაშვილის კომისია საზოგადოებაში უფრო მაღალ ნდობას მოიპოვებს. მთავარია, პრეზიდენტმა გამჭვირვალობა შეინარჩუნოს.
_ ამბობთ, კობახიძე მარგველაშვილზე იბოღმებაო და ამ ბოღმის მიზეზი რა არის?
_ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე კი არის, მაგრამ ერთ კაცს უსრულებს ნება-სურვილებს. იმ ერთი კაცის დიდი სურვილი იყო, რომ მარგველაშვილი არ ჩართულიყო კონსტიტუციის ცვლილებების პროცესში. პარლამენტის თავმჯდომარეს კანონით იმის უფლება არ აქვს, რომ პრეზიდენტს პარალელური კომისიის შექმნა აუკრძალოს და ამიტომაც იბოღმება. მას იმ ერთი კაცის წინაშე ვალდებულება აქვს აღებული, რასაც ვერ ასრულებს და ამით გაბრაზებული დაბოღმილ განცხადებებს აკეთებს.
ამ ადამიანის განცხადებები საერთოდ ცალკე საკითხია. გამოდის და პრეზიდენტს ემუქრება, თუ წესიერად არ მოიქცევი, 2018 წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით აღარ ავირჩევთო. ხანდახან მგონია, რომ კობახიძის პირით კიმ ჩენ ინი ლაპარაკობს.
_ დავით უსუფაშვილი როცა იყო სპიკერი, ასეთი რამე არასდროს მომხდარა. მარგველაშვილს ღარიბაშვილი უპირისპირდებოდა ძირითადად. მისი შემცვლელი კვირიკაშვილი ვერ ქაჩავს დაპირისპირებას?
_ ღარიბაშვილი კობახიძის მსგავსად თავის განცხადებებში უზრდელი, უხეში და თავხედი იყო. გიორგი კვირიკაშვილს კარგი, ბუნჩულა ბიჭის როლი აქვს მორგებული. საჭიროების შემთხვევაში ისიც დაიწყებს პრეზიდენტს თითის ქნევას, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა როლი შეხვდა.
_ ეს როლი ვინ მისცა მას?
_ ვინ და ამ ყველაფრის დამდგმელმა რეჟისორმა, კოლბაში მყოფმა ივანიშვილმა. ამ რეჟისორმა ცუდი პოლიციელის როლზე ირაკლი კობახიძე დაამტკიცა. ისიც მზადაა, ყველას დაესხას თავს, ვინც ბრძენ კაცს გააღიზიანებს. ახლა მას ყველაზე მეტად გიორგი მარგველაშვილი აღიზიანებს. დიდი ალბათობით, მთავარი რეჟისორი მას ვეღარ აკონტროლებს და კობახიძეს დაავალა მასზე თავდასხმები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმ როლებს ასრულებენ, რომლებზეც ისინი ივანიშვილმა დაამტკიცა. ვისაც დაავალებს, რომ უფრო მაგრად უნდა იკაცოს, იკაცებს. ვისაც ეტყვის, ბუნჩულა უნდა იყოო, ბუნჩულა იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში თავისი პოლიტიკური შეხედულებებით არავინ მოქმედებს.
_ პრეზიდენტზე შეტევა სადამდე გაგრძელდება და ან რა მიზანი აქვს ამას?
_ ”ქართული ოცნების” სურვილია, რომ პრეზიდენტი ხალხმა აღარ აირჩიოს. პრეზიდენტზე შეტევა ამისთვის ფონის მომზადებასაც ისახავს მიზნად. კობახიძემ უკვე თქვა, რომ შეიძლება უკვე 2018 წელს აირჩიოს პარლამენტმა პრეზიდენტი. ხელისუფლებამ ამაზე საზოგადოების რეაქცია შეამოწმა. თუ დაინახავენ, რომ ხალხს ეს არ აინტერესებს, აუცილებლად შეცვლიან პრეზიდენტის არჩევის წესს.
ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ პრეზიდენტიც იმ ერთი კაცის დაქვემდებარების ქვეშ იყოს. ასეთი კაცის მოძებნა პარლამენტში უფრო ადვილია. პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი იმდენს ვერ გაბედავს, რამდენსაც გიორგი მარგველაშვილი.
ჩვენ რომ ნორმალური და მართლაც დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, არ იქნებოდა ცუდი, თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევდა. იმ სიტუაციაში, როცა ერთ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა პრობლემურია. ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ასე ემუქრებიან და ხომ წარმოგიდგენიათ, რას უზამენ, ეს ადამიანი მათი არჩეული რომ იყოს. ახლა ამის დაშვება ქვეყანაში დიქტატურის დაკანონება იქნება.
_ დიქტატურის დაკანონება რატომ იქნება?
_ იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი ახლა მხოლოდ გიორგი მარგველაშვილია. ის ხალხის მიერ რომ არ ყოფილიყო არჩეული, მას ოცჯერ მაინც მოხსნიდნენ. ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ ხელისუფლების ყველა შტო მის სათამაშო სივრცეში მოაქციოს. დიქტატურა მეტი კი არაფერია.
_ თქვენი აზრით, შეეგუება ხალხი პრეზიდენტის არჩევის უფლების ჩამორთმევას?
_ ამ ეტაპზე არასამთავრობოები მყარად დგანან იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული. ამ რეალობაში პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება აუცილებელია. როგორც უკვე გითხარით, მარგველაშვილი ხალხის არჩეული რომ არ ყოფილიყო, აქამდე გადააყენებდნენ. იმ ბრძენ კაცს პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი პრეზიდენტი არ სჭირდება. მას უნდა მონა-პრეზიდენტი, რომელიც მის ყველა ნება-სურვილს აასრულებს.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა