ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების აშენების თაობაზე ქართველ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს.
_ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომ საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრი გაიხსნას? ქართული მხარე აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელია ეს განცხადება. გამოდის, რომ ამ თემაზე საუბარი ან მოლაპარაკება არ ყოფილა?
_ მოლაპარაკება ვერანაირად ვერ იქნებოდა. ეს ან სებასტიან კურცის პირადი ინიციატივა იყო, მას მხოლოდ საქართველო არ უთქვამს, მან თქვა, ეგვიპტეშიც და დასავლეთ ბალკანეთშიცო. არც ის არის გამორიცხული, რომ შეგნებულად გახმოვანდა და რეაქციას დაელოდნენ.
_ რუსეთის მხრიდან ამას უკვე მოჰყვა რეაქცია.
_ დიახ, მოვისმინე შეფასება, რომ ეს იქნება რუსეთისთვის სახიფათო. საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის მიუმართავს. ეს ზონდაჟი იყო ერთგვარი. ამიტომაც კურცმა საზოგადოებრივი პასუხი უკვე მიიღო. ზუსტად ასეთივე აგრესია შეხვდა მას ბალკანეთის ქვეყნებიდანაც. საქართველოს თავის სერიოზული პრობლემები აქვს დევნილების თვალსაზრისით.
_ რას გულისხმობთ?
_ ჩვენ 1.800-ზე მეტმა დევნილმა მოგვმართა. დაახლოებით 1.000 კაცამდე ისედაც არის საქართველოს ტერიტორიაზე. მარტყოფის ბანაკშიც არიან დევნილები და გაერო ახლა აფართოებს ამ მარტყოფის ბანაკს. პრაქტიკულად მეორე ბანაკს აკეთებს.
_ ანუ ჩვენ ლტოლვილებს ისედაც ვიღებთ?
_ ეს პროცედურა საქართველოში გრძელდება, ოღონდ ეს არის ძალიან მცირერიცხოვანი. საბოლოო ჯამში შეიძლება ეს იყოს 300-400 კაცი. ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ლტოლვილების რიცხვი გაზრდით დემოგრაფიულ სურათს საფრთხე დაემუქროს.
_ ეს ინიციატივა იყო ვიზალიბერალიზაციის საპასუხოდ? ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ.
_ არა, ეს არ იყო ვიზალიბერალიზაციის საპასუხოდ. ეგვიპტეზეც არის საუბარი და იქაც ვიზალიბერალიზაციაა? აქ სულ სხვა თემაა. საქართველო დასავლეთის მოკავშირედ მოიაზრება და ეტყობა აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს სურვილი. ეგვიპტე კი დასახელდა იმიტომ, რომ არაბები არიან დევნილები და არაბულ სამყაროში დღეს ეგვიპტე ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა და მოშორებული ამ კონფლიქტების ზონას. ასევე აქ მნიშვნელოვანია თურქეთის ფაქტორი.
_ რა თვალსაზრისით?
_ დასავლეთში დღეს თურქეთი აღარ აღიქმება ისეთი ტიპის მოკავშირედ, როგორიც იყო ადრე. აქედან გამომდინარე ორჭოფობა ამ ქვეყნის მიმართ არსებობს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ლტოლვილთა ბანაკების განთავსება კურცმა მოინდომა თურქეთის გარშემო მყოფ ქვეყნებში. ანუ თურქეთიდან ერდოღანის მიერ გამოყრილი დევნილები უნდა განთავსდნენ სწორედ მის გარშემო ქვეყნებში. მე მგონია, რომ სწორედ ეს თემაა, აქ თურქეთის ფაქტორია მთავარი და არა _ ვიზალიბერალიზაცია.
_ ეს რამდენად საფრთხის შემცველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის?
_ ჩვენ თუ ვნახავთ, რა რაოდენობის დევნილები მიიღო ევროპამ, ეს ციფრი შეგვზარავს. მილიონზე მეტია! ამისი 10% მაინც რომ წამოვიდეს საქართველოში, საქართველო დაიღუპება. საუბრები იმის თაობაზე, რომ ევროპა ამაში ფულს გადაიხდის, ის შეინახავს დევნილებს, საზოგადოებრივ აზრს ვერ შეცვლის! ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა პოლონეთმა, რაც გააკეთა უნგრეთმა, რაც გააკეთა ზოგიერთმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ.
_ კერძოდ?
_ ძალიან მყარად უნდა დადგეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ ეს იდეა განხორციელდეს. პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და კატეგორიული! უნგრეთის ტერიტორიაზე დღეს ცხოვრობს დაახლოებით 3 ათასამდე დევნილი და უნგრეთი ცდილობს, რომ ეს 3 ათასიც როგორმე თავისი ქვეყნიდან გაიყვანოს. ამ რაოდენობასაც კი ვერ იტანს დღეს უნგრული საზოგადოება. კედლის მშენებლობაც კი დაიწყეს უნგრელებმა სერბეთის საზღვარზე.
ეს ძალიან მნიშვნელოვამი თემაა. როგორი ზეწოლაც უნდა იყოს დასავლეთიდან, ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

