მამუკა გამყრელიძე: “მარგველაშვილის რეიტინგი ნულს ქვემოთ ჩამოვიდა”

ექსპერტი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტზე გაშმაგებული შეტევა ხორციელდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან.
_ ამ კონკრეტულ პიროვნებას, მარგველაშვილს, რომ უქნევ თითს, თითქოს პატარა ბავშვი იყოს, პარალელურად შენ თითს უქნევ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რაც სრულიად მიუღებელია! _ აცხადებს ექსპერტი.
_ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები გაქვთ მხედველობაში?
_ სამარცხვინოა ასეთი ინფანტილური ტექსტების მოსმენა პარლამენტის თავმჯდომარისგან. ის საკმაოდ ზრდასრულია და არ იქნებოდა ურიგო, ცოტა ჭკუა დააყოლოს საკუთარ გამონათქვამებს. მისი უდიერი მიმართვები პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და არა _ მარგველაშვილს, რომელმაც ისე დაიკნინა თავი, რომ კობახიძე ვეღარაფერს დააკლებს, მეტს ვეღარ დააკნინებს, ნულს ქვემოთ ჩამოვიდა მარგველაშვილის რეიტინგი! თავის მხრივ, მარგველაშვილს დაწყებული აქვს ახალი კამპანია.
_ არჩევნებისთვის ემზადება? ითქვა, რომ ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყო. ასეა?
_ რა თქმა უნდა, მან საარჩევნო კამპანია დაიწყო! გარშემო შემოიკრიბა ნაკლებად მნიშვნელოვანი პარტიები და შეუდგა ამ პროცესს. თუმცა აქვე გეტყვით, როდესაც ადამიანს პოლიტიკური ინსტინქტები არ გააჩნია, ის უკვე განწირულია მარცხისთვის. როგორც ხისგან არ გამოვა რკინის მაშა, ისე მარგველაშვილისგან არ გამოვა პოლიტიკოსი!
_ რატომ არ გამოვა?
_ არ გამოვა. ვერ ერკვევა პოლიტიკაში. ხომ ნახეთ, რა გააკეთა ორიოდე დღის წინ?! 170 კაცი დაპატიჟა დიდის ამბით, გამოვიდა მოხსენებით და მერე უთხრა, აბა, მეგობრებო, სახლებში წაბრძანდით, მე ეს საკითხები დიპკორპუსთან უნდა განვიხილოო.
ამდენ ხალხს ეპატიჟები საზეიმო ვითარებაში და სიტყვასაც არ აძლევ, ისე უშვებ უკან. თუ მათი ჩართულობა, მათი აზრის გაგონება გინდა, ეს ხომ უნდა გამოხატო?! ახლა რაღაც კარდაკარი მოიგონა, ივლის ასე აღმა-დაღმა, ბიუჯეტი რაც აქვს, იმას დახარჯვა ხომ უნდა?!
_ ანუ წარუმატებელია მისი მცდელობები?
_ დიახ, წარუმატებელია.
“ახალი თაობა”, ნონა ცაბაძე