მარგველაშვილი _ ვეტოს სულ ტყუილად აშარჟებენ

_ არის მცდელობა, ვეტო წარმოდგენილი იყოს, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ მე არ დავიღლები ჩემი მოვალეობის შესრულებით.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვეტო არის უფლება, მაგრამ მას თან სდევს ვალდებულებაც. პრეზიდენტის განცხადებით, სხვადასხვა საკითხზე ვეტოს გამოყენება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საკითხე უმრავლესობის მხრიდან დაძლეული ვეტო მოგვიანებით კვლავ გათვალისწინებული ყოფილა.

_ ვეტო არის ერთ-ერთი უფლება, მაგრამ სადაც შენ გაქვს კონსტიტუციური უფლება, იქ არის ვალდებულებაც, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია. თუ გავიხსენებთ ვეტოების იმ ისტორიას, რომელიც აქამდე განხორციელებულა, ყველა ეტაპზე ვხედავდით მცდელობას, ეს ვეტო ყოფილიყო გაშარჟებული, გაბაიბურებული, გეგონება, ვეტოს დაძლევას რამე პოზიტივი მოაქვს თითეული ჩვენგანისთვის, _ განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ჩვენ უნდა ავაგოთ ისეთი სისტემა, რომლითაც მოქალაქეები ენდობიან სპეცსამსახურებს.

_ დაიძლია პირველი ვეტო და ეს საკითხი ისე იყო მიწოდებული საზოგადოებასთან, რომ გეგონება ახალი ქარხანა გაიხსნა, საერთაშორისო შეთანხმება დავდეთ ან დასაქმების ახალი პროგრამა გაკეთდა. ცოტა ხანში კი საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. მეტიც, ის პუნქტები, რაც იმ ვეტოში მქონდა, კანონში ზუსტად ისე შეიტანეს, როგორც მქონდა წარმოდგენილი, _ გაიხსებნა პრეზიდენტმა.

მეორე ვეტო ეხებოდა ბანკის თემას.

_ აქაც იყო მთელი ინსინუაციები. ლარის ვარდნა მე დამიკავშირდა. რადგან ვეტო დავადე, თურმე ქვეყნის ეკონომიკა დავანგრიე. ძლივს იპოვნეს დამნაშავე, რომლის გამოც საქართველოში არ მატულობს შიდა პროდუქტი და დაძლიეს ეს ვეტოც. ახლა კი ზუსტად იგივე პუნქტები, რაც იმ ვეტოში მქონდა დაფიქსირებული, წარმოადგინეს, როგორც ახალი კანონი, _ განაცხადა ბ-მა მარგველაშვილმა.

შემდეგი იყო სასამართლოების კანონი, რომელიც ორ დღეში გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ.

_ პოლიტიკური შემადგენლობა რომ ჰქონდეს ამ ვეტოს და არა ჩემი ვალდებულების განხორციელება, ასე რატომ დაუბრუნდებოდა ეს ყველაფერი ვეტოს დამძლევებს, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.