ციანიდის საქმესთან დაკავშირებით 7 მარტს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. რა საკითხზე იყო დაბარებული დაცვის მხარე პროკურატურაში? ამ საკითხზე ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საუბრობს.
_ ბატონო მიხეილ, პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებაზეა საუბარი?
_ დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომელსაც დაცვის მხარეც დაესწრო. პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული სეიფი გახსნა. გაიხსნა სეიფი და იქ არაფერი აღმოჩნდა. გამოძიებას შეიძლება ეჭვი ჰქონოდა, რომ რამე ყოფილიყო, ვინაიდან მამა გიორგი სეიფის გასაღებს, ე.წ. კოდს პროკურატურას არ აძლევდა. ჩვენი თანდასწრებით, კი სპეციალისტის საშუალებით გაიხსნა სეიფი, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა. სწორედ ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, მე პროკურატურაში ვიმყოფები ჩემს კოლეგებთან ერთად. სეიფი გაიხსნა, მაგრამ ცარიელია და იქ არაფერია.
_ თქვენი კოლეგა ფანცულაია ამბობს, რომ მამა გიორგის ჩვენება შესაძლოა მხოლოდ ერთი მიმართულებით არ იყოს. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
_ პროკურატურა ამბობს, რომ გარკვეული კრიტიკული კითხვები გააჩნია მამა გიორგისთან, არ გამოვრიცხავ, რომ ეს კითხვები მამა გიორგის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ალბათ გამოძიებას ამ მიმართულებით ექნება კითხვები. თუმცა, რა იგულისხმება კრიტიკულ კითხვებში, მე არ ვიცი.
_ დაკითხვა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოება იქნება დაცული. აპირებს თუ არა დაცვის უზრუნველყოფას პროკურატურა?
_ ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით, რადგან კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს საკითხი. თუმცა გამორიცხული არაფერია.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ პროკურატურამ მამა გიორგის ოჯახს გამოუყოს დაცვა.
_ არ არის გამორიცხული, რომ მამა გიორგიმ თავის ჩვენებაში ისაუბროს სასულიერო და საერო პირებზე. რა სახის ჩვენებაზეა საუბარი?
_ გააჩნია, რა კითხვები ექნება პროკურატურას საქმესთან დაკავშირებით. ამ კითხვების შესაბამისად პასუხიც ადეკვატურად იქნება გაცემული მამა გიორგის მხრიდან.
_ შესაძლებელია, სასულიერო პირებზეც და საერო პირებზეც მისცეს მამა გიორგიმ ჩვენება?
_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს დამოკიდებული იქნება გამოძიების კითხვებზე.
_ ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ იარაღი, რომელიც მამა გიორგის სახლში იქნა აღმოჩენილი, მას არ ეკუთვნის. თქვენ საწინააღმდეგო განაცხადეთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ეს საკითხი უნდა გაირკვეს, უნდა დადგინდეს რეალობა. არის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ნათელს მოჰფენს ბევრ საკითხს და მათ შორის ამ კონკრეტულ საკითხსაც. გამოძიება დაადგენს ჩემი პოზიციის სიზუსტეს და საერთოდ რეალობას, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის აღნიშნული იარაღი ირაკლი მამალაძეს.
_ ეს იარაღი გაფორმებულია?
_ არა, არ არის გაფორმებული.
_ მაშინ საიდან დგინდება, რომ იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის? თუ საუბარია იმაზე, რომ სახლში მან მიუტანა?
_ დიახ, მამა გიორგიმ ბრძანა, რომ მას ეს იარაღი სწორედ ირაკლი მამალაძემ მიუტანა ძველით ახალ წელს და სთხოვა, რომ რამდენიმე დღით ყოფილიყო მასთან სახლში და შემდეგ წაიღებდა. დანარჩენი, მიზეზი, თუ რატომ დაუტოვა, რა ამბავი მოუყვა ამ საკითხზე, რა იყო მიზანი ამ იარაღის მამაოსთან სახლში მიტანის, ამ საკითხებზე ძალიან ვრცლად ისაუბრებს მამა გიორგი თავის ჩვენებაში.
_ შორენა თეთრუაშვილის ჩვენება თუ ნახეთ და რაზეა საუბარი ამ ჩვენებაში?
_ შემიძლია ერთი რამ გითხრათ შორენა თეთრუაშვილის ჩვენებიდან გამომდინარე: ამ ჩვენებით საქმეში ანგარების არანაირი მოტივაცია არ არსებობს, რაზეც არის ბრალდებაში საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, ბრალდება მოტივად სწორედ ანგარებას ასახელებს. ამ ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ მამა გიორგის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის განზრახვა ვერ ექნებოდა.
_ თქვენ ნახეთ შორენა თეთრუაშვილის ჩვენება?
_ დიახ, და სწორედ მასზე დაყრდნობით ვსაუბრობ ამაზე. ჩემთვის თეთრუაშვილის ეს ჩვენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომლიდანაც ჩანს, რომ არანაირი განზრახვა არ შეიძლება ჰქონოდა მამა გიორგის მისი მოწამვლის. ამიტომ ვაცხადებ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაზე საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია.
_ შორენა თეთრუაშვილის ჩვენებაში ძირითადად რაზეა საუბარი?
_ არაფერი განსაკუთრებული, საუბარია იმაზე, თუ რა ურთიერთობები ჰქონდა მამა გიორგისთან შორენა თეთრუაშვილს. ასევე, მათ შორის, შეიძლებოდა თუ არა რამე განზრახვა ყოფილიყო, მაგრამ ვერანაირი განზრახვა ვერ იქნებოდა. საპატრიარქოში თანამდებობაზე მამა გიორგი პატრიარქმა დანიშნა და არა _ შორენა თეთრუაშვილმა.
_ საზოგადოებაში არის ასეთი მოსაზრება გავრცელებული, რომ შორენა თეთრუაშვილმა მამა გიორგის 500 დოლარი მისცა, რომ ციანიდი შეეძინა მისი ახლობელი ხატმწერისთვის. ამ ინფორმაციაზე თუ არის საუბარი ჩვენებაში?
_ ეს ის ნიუანსებია, რომლებიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს და გაარკვიოს.
ეს ყველაფერი რომ შეჯამდება, გამოძიების შედეგები დაიდება, მერე გაირკვევა. მტკიცებულებას თავისი იურიდიული ძალა გააჩნია. შესაბამისად, მტკიცებულებების ფონზე იწყება შეფასებითი კატეგორიის პროცესი, რომლის საშუალებითაც ირკვევა, რამდენად ამყარებს ბრალს ესა თუ ის მტკიცებულება.
შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ შორენა თუთრუაშვილის ჩვენებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რასაც აქამდე ვამბობდი, რომ თუ გონიერება ეყოფათ, ეს საქმე უნდა შეწყვიტონ.
_ ბატონო მიხეილ, თქვენ ხომ ჩვენება ნახეთ, როდესაც პროკურორი კითხვას უსვამს თეთრუაშვილს, მისცა თუ არა 500 დოლარი მამა გიორგის, ის რას პასუხობს?
_ ჩვენებაში ძალიან ბევრი კითხვა არის დასმული. ახლა თქვენს ამ კითხვაზე ჩემი მხრიდან პასუხი ჩვენების გასაჯაროვება გამოვა. მე პირდაპირ გპასუხობთ, თუ რა შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც ჩვენებას გავეცანი: ამ ჩვენებით მამა გიორგის წინააღმდეგ ვერანირი ბრალეულობა ვერ იკვეთება.
_ კიდევ ვინ არის დაკითხული? შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ საპატრიარქოდან ხუთიოდე სამოქალაქო პირია დაკითხული?
_ მე გიდასტურებთ, რომ საერო პირებიც არიან დაკითხულები და სასულიერო პირებიც არიან დაკითხულნი, მაგრამ არც ერთი პირის ჩვენებით მამა გიორგის არანაირი ბრალეულობა, ამასთან შემხებლობაც კი არ იკვეთება.
_ სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან რომ დაბრუნდა, მას შემდეგ კიდევ ხომ არ დაკითხულა?
_ არა, ოხანაშვილი გერმანიიდან რომ დაბრუნდა, მაშინ დაკითხა პროკურატურამ.
_ ზიარების შესახებაც მინდა გკითხოთ. რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხზე?
_ ზიარების შესახებ გადაწყვეტილება საპატრიარქომ უნდა მიიღოს. ზიარების შეზღუდვა სასჯელაღსრულების სამინისტრომ მოხსნა, შესაბამისად, ახლა ეს საკითხი საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს.
_ პროკურორები ხომ არ შეცვლილან, ჯარჯი წიკლაურის გარდა, კიდევ ვინ არის საქმის პროკურორი?
_ ტყეშელაშვილი და გუბელაძე.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

