პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ,,ქართული ოცნების” უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებებს მხარი არ დაუჭირა.
თავდაპირველად კენჭისყრაზე პრეზიდენტის პროექტი დადგა, რომელსაც 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 86 წევრმა მისცა.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით სსიპ-ი _ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.
გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება ითვალისწინებდა იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ყოფილიყო.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ,,ახალ თაობასთა” აცხადებს, რომ მოსმენების კანონი ევროპული კანონი არ არის.
_ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში რეალური პროდასავლური ალტერნატივა არ არის. ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ის არის პროდასავლური ძალა, მაგრამ მოსმენების კანონი, რომელიც პირდაპირ დუმის დეპუტატ იაროვაიას კანონიდან არის გადმოწერილი, ამის თქმის შესაძლებლობას არ მაძლევს. ამ კანონით მათ შეუძლიათ ყველას და ყველაფერს მოუსმინონ.
ეს არ არის ევროპული კანონი. სამწუხაროა, არ მეგონა, რომ კიდევ მოგვიწევდა იმაზე საუბარი, რომ ასეთი კანონებით ევროპას, დასავლეთს კი არ ვუახლოვდებით, პირიქით ვშორდებით, _ განაცხადა ,,ახალ თაობასთან” კონსტანტინე გამსახურდიამ.
,,ახალი თაობა”, ნათია ხურცილავა

