ნანა დევდარიანი: “სტრასბურმა საქართველოს ხელისუფლება გაამტყუნა”

”ახალი თაობის” კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი პასუხობს.
_ ქალბატონო ნანა, სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის საქმეზე საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. ნაწილი ფიქრობს, რომ კარგია ასეთი გადაწყვეტილება, ამით ევროპამ საქართველოს ხელისუფლებას სილა გააწნა, ნაწილი კი უსამართლოს უწოდებს. რას იტყვით თქვენ?
_ ეს ძალიან რთული თემაა. ერთის მხრივ, ჩვენი ხელისუფლება ახერხებს ხოლმე, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში წარსდგება სრულიად არასარწმუნო არგუმენტებით. ამაზე არაერთი საქმე მიგვითითებს, როდესაც ექსტრადიციაზე უარი უთხრეს საქართველოს მხარეს.
_ რისი ბრალია ეს, არაკომპეტენტურობის?
_ ერთის მხრივ, ეს არაკომპეტენტურობა და უუნარობაა, მაგრამ აქ მეორე, უფრო ღრმა პროცესია.
_ რომელი პროცესი?
_ გავიხსენოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს? 6 წელი გავიდა, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული! სულხან მოლაშვილზე 5 წლის მერე დადგა განაჩენი, ასევე 5 წლის მერე დადგა განაჩენი გირგვლიანის საქმეზე. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მოლაშვილსაც, რომელიც სასტიკად აწამეს და უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ, გირგვლიანსაც, რომელიც წამებით მოკლეს, მათ ოჯახებს მიაკუთვნეს მატერიალური კომპენსაცია.
მე ვსვამ კითხვას _ ადამიანის სიცოცხლე, პატივი, ღირსება, მისი ჯანმრთელობა, წამებისგან დაცულობა 50 ათასი ევრო ღირს?! თანაც 5 წლის მერე! აქ შეტანაც ვერ მოასწრეს, რომ გადაწყვეტილება ერთ საათში იქნა გამოტანილი.
_ საით მიანიშნებთ, ორმაგ სტანდარტებზე?
_ თუნდაც. დღეს ბევრს რომ ლაპარაკობენ, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა და როგორ მოასწრო ამდენი ტომის შესწავლაო, ახლა რატომ არავინ სვამს კითხვას, სტრასბურის სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა 18 ტომი, ყველაფერი შეისწავლა და კომპეტენტური პასუხი დადო?!
_ რატომ განიცდის ”ოცნების” ხელისუფლება მარცხს მარცხზე? არ ჰყავთ კომპეტენტური კადრები?
_ დღეს ყველა სახელმწიფო უწყებაში დატოვებულია ნაციონალების კუდი, თითქმის ყველა სამსახურში და პოლიტიკური ამინდი ამ სტრუქტურებში არ შეცვლილა. დღეს კი ცდილობენ ნაციონალები იძახონ, რომ ეს რუსული სქემაა, სინამდვილეში კი ხდება უფრო ღრმა და ძალიან ცუდი პროცესი.
_ რას გულისხმობთ?
_ პროცესს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება იმართება ბიზნეს წესებით. როდესაც ერთი ბიზნესი მეორეს შთანთქავს. ასეთი შთანთქვის პროცესი მიდის. რასაც დაგვპირდა 2012-ში ბიძინა ივანიშვილი, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო, ეს 2016 წლის არჩევნებზე დააგვირგვინა. პრაქტიკულად ყველა პარტია გაანადგურა, ერთი ბურჯანაძის პარტია დარჩა, რომელიც ვერ დაშალა. დანარჩენი ყველა დაშალა და ლიდერები მოაშორა. ასეთი ბიზნესშთანთქვის პრინციპით მიმდინარეობს რუსთავი 2-ის საქმე.
ყველაფერი ეს არის ამ ხელოვნურად მოგონილი კოჰაბიტაციის ბრალი, რომელიც მაგათ დაამკვიდრეს, როცა არ დაერქვა თავისი სახელი არც სააკაშვილს, არც ნაციონალურ მოძრაობას და მის ზონდერებს, არც რუსთავი 2-ს, როგორც პროპაგანდის მანქანას.
_ ხელისუფლებას უჭირს ამ ძალასთან დაპირისპირება, თუ მის ინტერესშია, რომ კვლავ ბუად ჰყავდეს?
_ ეს ძალიან კომფორტული სიტუაციაა. ამ ორ პარტიას ერთმანეთი აწყობს. ”ოცნებას” აწყობს ნაციონალური მოძრაობა, როგორც საფრთხობელა, 2016 წელსაც ხომ ამ დაშინებით მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. ხოლო ნაციონალურ მოძრაობას აწყობს ეს ნიშა, რომ არის საპარლამენტო ოპოზიცია.
როგორც რუსთავი 2-ზე იძახიან, რომ ყველაზე ძლიერი და სიტყვის თავისუფლების გარანტი მედია საშუალებააო, ისე ესენი არიან ყველაზე ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია.
როდის აქეთია რუსთავი 2 თავისუფალი სიტყვის გარანტი ამ ქვეყანაში?! არ გვახსოვს, რა აქვთ ნაკეთები? არ გვახსოვს, პროგრამა ვრემიას რომ გვაჩვენებდნენ ყოველდღე კურიერში?
_ რუსთავი 2-ის უკან ივანიშვილის ინტერესი იკვეთება?
_ იცით, ეს რომ იყოს მარტო რუსთავი 2-ის შემთხვევა, შეიძლება დასვა კითხვები, მაგრამ როცა ჩვენ ვხედავთ მთლიანად მედია სივრცის გადანაწილებას, როდესაც იმედი იერთებს მაესტროს, ჯიდიეს-ის ნაწილს, როდესაც საზოგადოებრივზე ვხედავთ, პროცესები როგორ წავიდა. ვასილ მაღლაფერიძე რომ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია, ამაში ეჭვი ხომ არავის ეპარება. მთლიანობაში ეს პროცესი ამყარებს ამ ეჭვებს.
_ შეილახა ევროსტრუქტურებში ხელისუფლების იმიჯი? შეძლო ეს რუსთავი 2-ის საქმემ?
_ სტრასბურის სასამართლოში საკითხი დგება ასე: კონკრეტული პირი საქართველოს წინააღმდეგ. დღეს კი ეცადა პარლამენტის თავმჯდომარე ეთქვა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გამოვა გამარჯვებული, მაგრამ ფაქტობრივად სტრასბურის სასამართლომ თქვა, რომ თქვენ არ ხართ მართალი ამ საქმეში და შეაჩერა აღსრულება.
როგორც უნდა შეფუთონ და იძახონ, ფაქტი ერთია, იმიჯი კი არ შეილახა, მხარე გამტყუნდა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა