ნაციონალური მოძრაობა: ”ბათუმის დარბევის უკან იკვეთება სუს-ის და ასლანის ნარჩენების ხელი”

ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა გამართა, რომელმაც მომხდარში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

_ ქვეყანაში არის უსამართლობის უზარმაზარი განცდა, არის ტოტალური უიმედობა, უპერსპექტივობის განცდა, რისი შედეგიც არის ის, რომ ასეთი უბრალო, საყოფაცხოვრებო ინციდენტი გადაიზარდა სახალხო პროტესტში. ადამიანთა პროტესტს რაც შემდეგ მოჰყვა, არის ძალიან უცნაური და ბადებს ძალიან ბევრ კითხვას.

უცებ საიდანღაც გაჩნდნენ ნიღბიანები, გაჩნდნენ ხულიგნები, რომელთაც დაიწყეს დარბევა, ვანდალიზმი, ბათუმის გადაწვა, მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა ორგანიზებულ და წინასწარ კარგად დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ, ძალადობრივ აქციაში.

ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია, გამიმდინარე იმ ლოზუნგებიდან და გამონათქვამებიდან, რომლებიც აქციაზე ისმოდა, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი ალბათობით იკვეთება სუს-ის და ასლანის ნარჩენების ხელი. რომელიც ყოველთვის იყო ივანიშვილის ყველაზე მთავარი მოკავშირე აჭარაში, _ განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად მოითხოვს, რომ ღიად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული გუშინდელი მოვლენები და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მათი ორგანიზატორები.

ბიბილაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებასა და ივანიშვილის რეჟიმს.

მისი აზრით, საეჭვოა ისიც, რომ 10 საათის განმავლობაში ხელისუფლება სრულიად უმოქმედო იყო და მიუშვა მოვლენები, რომლებიც ვანდალიზმში გადაიზარდა, რათა ყოველივე ეს ნაციონალური მოძრაობისთვის გადაებრალებინა.

_ არავის გამოუვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გააიგივოს უკანონობასთან, ვანდალიზმთან და იმ უმსგავსობასთან, რომელიც გუშინ ხდებოდა. ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენ არანაირად არ მივიღებთ შენიშვნას იმ მოღალატე ძალისგან, რომელიც არის ”ქართული ოცნება”, თითქოს ჩვენ რიტორიკის დონეზე მაინც, ოდესმე დავაზიანებთ იმას, რაც ჩვენივე შექმნილია, _ განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.