_ ბატონი თალაკვაძე ერთი უტიფარი პოლიტიკოსია უსირცხვილო პოლიტიკური გაერთიანების რიგებში.
ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ „გუშინ დასრულდა დრო, როცა ნაციონალური მოძრაობა თავს ასაღებდა ოპონენტ პარტიად და გადაიქცა ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად“.
როგორც ნიკა მელიამ ინტერპრესნიუსთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური გუნდის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება.
_ არჩილ თალაკვაძე და მისი მეგობრები მსგავს განცხადებებს აკეთებენ იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ბათუმში მოხდა, იმ უმოქმედობასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა.
მთელი 12 საათის განმავლობაში, ვიდრე ხულიგნებმა და ვანდალიზმში მონაწილეებმა ბათუმის ცენტრალური ქუჩა არ გაანადგურეს, არ გადაწვეს მანქანები, არ დაამსხვრიეს მინები და არ გაანადგურეს ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად ელემენტარულად სახანძრო მანქანა და პოლიცია არ გამოუყვანიათ.
5 წუთის განმავლობაში გამოიყვანეს სპეცდანიშნულების დანაყოფი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ესროლეს პროტესტში მონაწილე ადამიანებს, ამის შემდეგ გაიყვანეს ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ეს სპეცრაზმი და მთელი 4 საათის განმავლობაში ქალაქი ხულიგნებსა და ვანდალებს ხელში ჩაუგდეს.
ჩვენ უნდა დაგვემყარებინა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში წესრიგი თუ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ხელისუფლებაშია?! სად იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი მთელი 12 საათის განმავლობაში?! სად იყო რომელიმე მათგანი მთელი 12 საათის განმავლობაში, ერთი პოლიტიკური განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ. დღის 5-6 საათზე, როდესაც იქ მხოლოდ და მხოლოდ 50-60 ადამიანი იდგა, სადაც იყო ჯერ კიდევ მართლაც მშვიდობიანი პროტესტი, მაშინ რომ გამოჩენილიყო ერთი რომელიმე პოლიტიკოსი და მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობაში შესულიყო, არანაირი ვნებათაღელვა არ მოჰყვებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად განადგურებულიყო ის ცენტრალური ქუჩები, სადაც ადგილი ჰქონდა ამ ვანდალურ აქტს.
ამის შემდეგ, როდესაც თალაკვაძე ბედავს და საუბრობს, რომ თითქოს ოპოზიციური პარტიაა ამ ყველაფერში დამნაშავე, ეს არის უტიფრობა და უპასუხისმგებლობა, მაგრამ რა უნდა მიკვირდეს იმ უტიფარი პოლიტიკური გუნდისგან, რომელმაც კორცხელის დარბევა მე პირადად დამაბრალა? რომელმაც მაგალითად, 13 ივნისის თბილისის სტიქია ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა? ამიტომ ამ გუნდს აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ბათუმში მოხდა.
მათი უმოქმედობა, არაპროფესიონალიზმი და მოღალატეობრივი საქმიანობა ამ ქვეყანაში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ყველასთვის უკვე ცნობილია და ახლა განტევების ვაცის ძებნა პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელწერაა, რაც უკვე ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ იყიდება საზოგადოებაში. ამიტომ ბატონი თალაკვაძე არის ერთი უტიფარი პოლიტიკოსი უსირცხვილო პოლიტიკური გაერთიანების რიგებში, _ განაცხადა ნიკა მელიამ.
ინტერპრესნიუსი

