ნინო ბურჯანაძე: ”სახელმწიფო გვინდა თუ საფეოდალო?”

_ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ სახელმწიფოებრიობის ნიშნებს.

ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომიისის ინიციატივას პრეზიდენტის არჩევნის წესთან დაკავშირებით.

_ დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სამარცხვინო ვითარება არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ არის. საუბარი აღარ მაქვს განვითარებულ დასავლურ ქვეყნებზე, რომლებსაც ვედრებით, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, არც ერთ ამ სახელმწიფოში ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა არ არის.

_ ჩვენთან კი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და ჯიბეში ჩაისვა მთელი ქვეყანა. ახლა კი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარებაც გადაუწყვეტია. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი, რომლის უმძიმეს შედეგს ქვეყანა ძალიან მალე მოიმკის. გავაკეთოთ არჩევანი, სად გვინდა ცხოვრება, სახელმწიფოსა თუ საფეოდალოში, _ განაცხადა ბურჯანაძემ.

ის მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნა უმძიმეს შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნისათვის.

_ საპარლამენტო რესპუბლიკები წარმატებულად მოქმედებს იმ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი დემოკრატიული ტრადიციები, სადაც პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ ხელისუფლების სატელიტებს, სადაც ერთი პარტიიდან მეორეში კალიასავით ხტომა მიუღებელია და სადაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ არ იყიდება საპარლამენტო მანდატები, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკას სჭირდება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები.

_ საქართველოში კი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, პროკურატურა ექვემდებარება კონკრეტულ ადამიანს. მედიასაც კი ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რადგან აშკარად არის მცდელობა მისი გაკონტროლების. ამ პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარებაც ერთი ადამიანის გავლენის სფეროში იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, _ განაცხადა ბურჯანაძემ.

ინტერპრესნიუსი