ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე, ბოლნისის რაიონის გავლით რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებით მძიმე ტექნიკა გადააქვთ.
განცხადება ცოტა ხნის წინ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.
_ ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი გადააქვთ. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა. სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების.
ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა ზუსტად ერთი წუთის წინ ადგილიდან მივიღეთ.
პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, თუ რა დანიშნულებისაა ეს ტვირთი. ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთებში იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა. ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და ვფიქრობთ, აუცილებელია ამ საკითხის დაყენება. ტვირთი სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ გადაადგილდება, _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

