ოთარ კახიძე: “ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილის კლანი პოლიციის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა”

ოთარ კახიძე: "ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილის კლანი პოლიციის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა"_ ხელისუფლებამ ბათუმის აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების შიგნით _ თავიანთ ზონდერ დაჯგუფებებში უნდა მოიკითხოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

კერძოდ, კახიძის აზრით, ხელისუფლებამ უნდა გააკვიოს, რატომ არის ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილის კლანსა და პოლიციის დღევანდელ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მკაფიოდ გამოჩნა, რომ ბათუმში აქცია ორგანიზებული იყო და “სუს-ის ზონდერი ადასტურებს, რომ ის მის მიერ იყო ორგანიზებული“.

_ ბათუმის აქცია იყო ორგანიზებული, რისი ყველა ნიშანი არის სახეზე. იქ მიტანილი იყო ქვები ტომრებით, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ჯაჭვები, ჰქონდათ აირწინაღები, “მოლოტოვის კოქტეილები”. ისინი ორგანიზებული იყვნენ.

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ მერაბ ღოღობერიძესთან, რომელიც სუს-ის ცნობილი ზონდერია და რომელიც ხელისუფლების დავალებით თავს ესხმოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ღოღობერიძე არ მალავს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი თავად იყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამ აქციის ორგანიზებაში მთავრობის შიგნით კიდევ ვინ იყვნენ ჩართული ღოღობერიძესთან ერთად.

გარდა ამისა, უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც წესრიგისა და უსაფრთოების დაცვა ევალებოდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქში, რომელიც არის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრი და რომელიც სახელმწიფომ მთელი ღამის განმავლობაში ორგანიზებულ ხულიგნებს არბევინა.

ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ვანდალიზმი და ვაკჰანალია აღეკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქები, მოქალაქეთა საკუთრება არ არის დაცული, _ განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, უსუსურია ხელისუფლების მცდელობა, მომხდართან დაკავშირებით ყველაფერი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გადააბრალოს.

_ მართლია, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ცდუნებას, გამოეყენებინა პროტესტის ტალღა, ის ვერ გაერკვა ვითარებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხელი ნაციონალურ მოძრაობას უნდა შეაწმინდოს, _ აღნიშნა კახიძემ.