პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში დამატებით ადგილებს ითხოვს. პარტიაში განმარტავენ, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 4 ადგილი ეკუთვნის.
_ დეპუტატების მანდატების გადანაწილება არასწორად მოხდა. ჩვენ პარლამენტში 10 კაცით უნდა ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენი ადგილები ნაციონალებმა და „ოცნებამ“ გადაინაწილეს. ამ ადგილების მოპოვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლა საკონსტიტუციოში გვაქვს სარჩელი შეტანილი და ვეჭვობთ, რომ ვერც აქ დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, _ აამბობს „`ახალ თაობასთან“ საუბარში ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი.
ის პესიმისტურად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განაწყო, რომელმაც პატრიოტთა ალიანსის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პატრიოტები მოსამართლე მანანა კობახიძის აცილებას ითხოვდნენ.
უარის მიზეზები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ განმარტა. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის ლევან ჩხეიძის მოთხოვნაში დასაბუთებული არგუმენტები არ იყო, შესაბამისად, მანანა კობახიძე სასამართლო პროცესს დაესწრება.
ლევან ჩხეიძის თქმით, მანანა კობახიძე ცოტა ხნის წინ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და დღეს ობიექტური ვერ იქნება.
მისივე თქმით, მანანა კობახიძემ ერთხელ უკვე დაუჭირა მათ წინააღმდეგ უკანონობას მხარი.
_ მანანა კობახიძემ პარლამენტში ყოფნისას ხმა მისცა საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, სადაც ჩვენი უფლებების დარღვევა მოხდა და ოთხი მანდატი დავკარგეთ. თუკი ქალბატონი მანანა კობახიძე ჩვენს სარჩელს განიხილავს, მისმა წარსულში გაკეთებულმა პოლიტიკურმა განცხადებებმა შესაძლოა სასამართლო საქმიანობაში ხელი შეუშალოს, _ აცხადებს ლევან ჩხეიძე.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

