“ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
_ რამდენიმე თვის წინ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვთქვი, რომ სადღაც მაისის თვისთვის ვანო მერაბიშვილი უკვე თავისუფალი იქნებოდა. საქმე ისე მიდის, ყოფილი შს მინისტრი, შესაძლოა, უფრო ადრე გამოვიდეს ციხიდან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის ციხიდან, როგორც გმირი, ისე გამოვა. 6 მარტს მასთან ციხეში საეჭვოდ მიიძურწა ბოკერია. ჩემი აზრით, ის ციხეში ვანო მერაბიშვილის “დასაკერად” მივიდა.
_ ბოკერიამ რაზე უნდა “დაკეროს” მერაბიშვილი?
_ გავრცელებული ინფორმაციით, ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკიდან აპირებს წასვლას. ბოკერია ცდილობს, მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩეს და ნაციონალებისგან გამიჯნულ `ევროპულ საქართველოსთან~ ითანამშრომლოს. ეს იმ დიდი გეგმის ნაწილია, რასაც ნაციონალების ჩაძირვა ჰქვია სახელად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ამ გეგმაში მონაწილეობს
5 მარტს, გადაცემა “იმედის დროში” საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა “ქართული ოცნება” ნაცებთან კოაბიტაციაში დაადანაშაულა. ამის გარდა, განაცხადა, არაკომპეტენტური პარლამენტის სპიკერი გვყავსო. ამ კაცს რომ ვუსმენდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის უფრო კაი ტიპია, ვიდრე მთელი “ქართული ოცნება” ერთად აღებული.
რატომ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, ვერ გეტყვით, მაგრამ შთაბეჭდილების მიღმა ძალიან შორსმიმავალ გეგმებს ვხედავ, რომლებიც რუსთავი 2-ს და ნაციონალებისგან გამოყოფილ “ევროპულ საქართველოს” უკავშირდება. არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში სწორედ მარგველაშვილი ვიხილოთ “ევროპული საქართველოს” ლიდერად.
_ “ევროპულ საქართველოში” ისედაც ბევრი ლიდერია და რატომ უნდა აირჩიონ თავიანთ ლიდერად მარგველაშვილი?
_ ბოლო დროს მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ამაზე მიუთითებს. სხვების არ ვიცი, მაგრამ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ბევრი კითხვა გამიჩინა. მან განაცხადა, რომ რუსთავი 2-ს ფულად დახმარებას პრეზიდენტის ფონდიდან გაუწევს, რაც, ჩემი აზრით, კანონდარღვევაა.
პრეზიდენტის ფონდში მარგველაშვილს ფული აქვს ბიუჯეტიდან. მაინტერესებს, რა უფლებით სთავაზობს ის სახელმწიფოს ფულს კერძო ტელევიზიას. იქნებ არხის ნაციონალიზაციას ახდენენ და მალავენ? მგონია, რომ ეს განცხადება პოპულიზმის დონეზე გაკეთდა, მაგრამ თუ მართლაც მოხდა ასეთი რამე, მაშინ პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
ხელისუფლება ამაზე რეაგირებას თუ არ მოახდენს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი 2 გადავიდა სახელმწიფო დოტაციაზე. გამოდის, რომ ეს არხი სახელმწიფოს ხელში გადავა და არა ქიბარ ხალვაშის, ვის სასარგებლოდაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა.
_ ასეთი რამე რამდენად წარმოგიდგენიათ?
_ ამ უნიათო ხელისუფლების პირობებში არაფერი აღარ გამიკვირდება. თან მეეჭვება, ამათ ახლა რუსთავი 2-სთვის ეცალოთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტს ან დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებდა, ან გიორგი გახარია. ახლა “ოცნებასთან” ძალიან დაახლოებულმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი რუხაძის კანდიდატურა განიხილება.
“ქართულ ოცნებაში” ასევე აქტიურად მიდის თბილისის მერობის კანდიდატურის შერჩევა. ამ პოსტზეც რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მამუკა ხაზარაძეზე შეჩერდა. უნიათო ხელისუფლების ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილებაც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე მერობის კანდიდატად ხაზარაძე განიხილება.
_ რუხაძე პრემიერის პოსტზე მაშინაც განიხილებოდა, როცა ამ თანამდებობას ივანიშვილი ტოვებდა. რამდენად რეალურია მისი გაპრემიერება, ეს ადამიანი პოლიტიკაში არასდროს არ ყოფილა.
_ ირაკლი რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახთან არის დაახლოებული და საზოგადოება მას აქედან იცნობს. ის არასდროს ყოფილა არც პარლამენტის წევრი და არც მთავრობაში უმუშავია. აქედან გამომდინარე პოლიტიკაში მისი შემოყვანა იოლი არ უნდა იყოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი შეუძლებელი არაფერია.
გაგახსენებთ ახლო წარსულს _ გიორგი მარგველაშვილი არსაიდან ჯერ განათლების მინისტრი გახდა, ხოლო შემდეგ _ პრეზიდენტი. იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი კვირიკაშვილზეც, რომელიც არაფრიდან ჯერ მინისტრი გახდა, მერე _ პრემიერი. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა და არც რუხაძის გაპრემიერება იქნება ივანიშვილისთვის პრობლემა.
დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ღრმა კრიზისშია შესული და ის მოკრივის “გრუშას” არის დამსგავსებული _ ვისაც არ ეზარება, ყველა მაგას ურტყამს. მათ შორის არიან ხელისუფლების შიგნით მყოფი სხვადასხვა დაჯგუფებები და დასავლელი პარტნიორები. ამიტომაც არის ქვეყანა “დატორმუზებული” და მისი განვითარება აღარ ხდება.
“დატორმუზებაზე” სტრასბურის სასამართლოს 3 მარტის გადაწყვეტილება გამახსენდა, რომელმაც უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამით ევროსასამართლომ წულუკიანს ყურებში ძალიან დიდი წკიპურტი ჩაარტყა. წესით, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უკვე უნდა გადამდგარიყო. მართლა ვერ ვხვდები, ეს ქალი როგორ ჩერდება იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, როცა სადაცაა, ვანო მერაბიშვილი გარეთ გამოვა.
_ წულუკიანმა რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში?
_ უნდა იმუშაოს. რუსთავი 2-ის ორმა იურისტმა, პატარა გოგომ და პატარა ბიჭმა, მთელ სახელმწიფო მანქანას ალიყურები ურტყა. ეს ადვოკატები არიან პროფესიონალები. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და თანამდებობებზე პროფესიონალები დაასაქმოს.
_ მოდით, ისევ ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე ვისაუბროთ. რა რეაქცია ექნება ხალხს, თუ ის ციხიდან გამოვიდა?
_ აქ არავითარ თუ-ზე აღარ არის საუბარი, ყოფილი შს მინისტრის გამოსვლა გარდაუვალია. თავშიც გითხარით, ბოკერია ისე საეჭვოდ მიიძურწა მერაბიშვილთან, რომ ეს გარდაუვალია. სავარაუდოდ, ყველაფერი უკვე შეთანხებულია.
_ ვისთან ან რა არის შეთანხმებული?
_ მერაბიშვილის გათავისუფლება დასავლეთთან არის შეთანხმებული. რამდენიმე თვის წინ “ოცნებამ” უგულავას გათავისუფლებით გაუგორა დასავლეთს კოჭი, მორიგი კოჭი ვანო იქნება.
_ ამ ლოგიკით შემდეგი კოჭი ბაჩო ახალაია უნდა იყოს.
_ არა, ახალაიას არავინ თვლის პოლიტპატიმრად. მას ნაციონალებიც კი აღარ ახსენებენ. ეტყობა, გადაწყვიტეს, რომ მაგას შეაწმინდონ ხელები. არადა, მერაბიშვილს მასზე არანაკლებ ცუდი საქმეები აქვს ჩადენილი. ვინმეს თუ აღარ ახსოვს, მინდა შევახსენო, რომ სწორედ ეს ადამიანია სისხლიანი 7 ნოემბრის და 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის მთავარი შემოქმედი.
_ ხელისუფლება როგორ გაიმართლებს ამ შემთხვევაში თავს?
_ ისინი თავის მართლებას არც აპირებენ. უკვე ნათელია, რომ ისინი ყოფილ ხელისუფლებასთან არიან გარიგებული და ერთობლივად მოქმედებენ.
_ ყოფილი ხელისუფლება ორ ნაწილად არის გაყოფილი და რომელ ფლანგთან არიან გარიგებული?
_ ორივე ფლანგთან არის გარიგება, მაგრამ `ევროპულ საქართველოს~ უფრო სწყალობენ. მიშისტ ნაციონალებთან ერთად ძოვა ცოტა უჭირთ.
_ რა რეაქცია ექნება ხალხს მერაბიშვილის გამოსვლაზე?
_ ხალხი ისეთ შოკშია, რომ მეეჭვება, რამეზე კიდევ ჰქონდეს რეაქცია. მარტო გირგვლიანის მამამ მოახდინა ამაზე რეაგირება და სტრასბურში გააგზავნა წერილი, სადაც წერს, რომ დღის წესრიგში მისი შვილის მკვლელის გათავისუფლება დგება. საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ამ ამბავს ჩვეულებრივად ხვდება.
მერაბიშვილზე როცა ვსაუბრობ, სულ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მახსენდება. ის ამ ადამიანს სულ დადებითად მოიხსენიებდა და კარგ მინისტრსა და კარგ მენეჯერს უწოდებდა.
გავა ცოტა ხანი და აგერ ნახავთ, თუ ზურაბ ადეიშვილიც არ დააბრუნონ საქართველოში. ყოფილ პრემიერს ისიც ძალიან ესიმპატიურება და ამის შესახებ არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული.
_ გამოდის, რომ სააკაშვილიც შეიძლება “გააპრავონ” და დააბრუნონ.
_ ამათგან არც ესაა გასაკვირი, თუმცა არა მგონია, ეს მოხდეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილს მარტო ამ კაცის ჯინი სჭირდა და ჩამოაშორა თუ არა მას თავისი პარტია, ნაციონალების დიდი `გაპრავება~ დაიწყო. არც ის გამორიცხოთ ერთ მშვენიერ დღეს, ნაციონალები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ.
დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება ძალიან მაგონებს 2010-2011 წლების პერიოდს, როცა სააკაშვილმა ყველა ოპოზიციური ძალა ფაქტიურად გაანადგურა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის დიდი ხანი დარჩებოდა ქვეყანაში, მაგრამ 2011 წელს პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა. რატომღაც მგონია, რომ ახლაც რაიმე გაუთვალსწინებელი მოხდება, რაც ქოცების და ნაცების სიამტკბილობას დაასრულებს.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

