საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო.
ამის შესახებ განცხადება ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად პრეზიდენტმა გააკეთა.
შესაბამისად, მოსმენების კანონი პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება.
მარგველაშვილი ვეტოს დადებას ორი ძირითადი ხარვეზით ხსნის.
მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, გაუმართლებელ ხარჯებს ითვალისწინებს.
_ მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტების პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად და ჩვენი მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადში ორი ხარვეზი:
პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე; მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 მარტს დაამტკიცა.
რიგგარეშე სხდომაზე 17 კანონპოექტს ეყარა კენჭი. მთავარი პროექტი 87-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.
პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმებლო პაკეტის მთავარი სიახლე სსიპ-ის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.

