9 აპრილს ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ადგილობრივი და რუსი ექსპერტების განცხადებით, არჩევნებს ის კანდიდატი მოიგებს, რომელსაც რუსეთი დაუჭერს მხარს. ასეთი მხარდაჭერა მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოიპოვა. მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში გამარჯვება პირადად უსურვა.
ვლადიმერ პუტინისა და თიბილოვის შეხვედრა გუშინ, 21 მარტს გაიმართა. ოსური მედიის ცნობით, რუსთა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოსკოვი და ცხინვალი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. პუტინი განსაკუთრებით იმით არის კმაყოფილი, რომ ცხინვალის რეგიონში ვითარება დასტაბილურდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რესპუბლიკის სტაბილიზაცია თიბილოვის სახელს უკავშირდება.
რუსეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ ცხინვალის რეგიონში სიმშვიდე არც არჩევნების დროს დაირღვევა.
მხარდაჭერით კმაყოფილმა თიბილოვმა პუტინს მრავალგზის უკმია გუნდრუკი. სამხრეთელ ოსთა ლიდერმა რესპუბლიკაში სიმშვიდის დამყარება მოსკოვის დამსახურებად მიიჩნია.
პუტინთან შეხვედრით ნასიამოვნებ თიბილოვს ცხინვალში ცხელი ამბები ელოდება. მას ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ელოდება, რომლის დაოკებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. მართალია, თიბილოვის დაბრუნებამდე ქუჩაში აღარ თარეშობს, სამაგიეროდ, კომპიუტერთან გამაგრდა და სოციალური ქსელით დაიწყო განცხადებების გაკეთება.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

