რა გზით ჩაერევა რუსეთი საქართველოს არჩევნებში

ევროკავშირის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებში.

ბრიტანული „ეკონომისტის სიტყვებით, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება ემანუელ მაკრონი, ხოლო გერმანიის კანცლერი _ ისევ ანგელა მერკელი ან მარტინ შულცი, ევროპული თანამეგობრობა ძლიერი ხელმძღვანელობის ხელში აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში ევროკავშირი შენარჩუნდება.

თუმცა, ის დაიშლება იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური კრიზისის შედეგად ევრო ისევ მერყეობას დაიწყებს, ან რომელიმე წევრ სახელმწიფოში დაინიშნება რეფერენდუმი ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე.

გამოცემის შეფასებით, არის მწარე ირონია იმაში, რომ ომისშემდგომ ევროპაში უსაფრთხოების დასაცავად შექმნილი პროექტი ფერხდება სწორედ მაშინ, როცა დასაცავია უსაფრთხოება.

„ეკონომისტი“ ევროკავშირის შენარჩუნების გზას ორგანიზაციის შეცვლასა და მოქნილობაში ხედავს. ევროკავშირი უნდა გახდეს მრავალიარუსიანი. ქვეყნებს უნდა შეეძლოთ ერთი იარუსიდან მეორეში გადასვლა.

გამოცემის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალ ტრამპი გულგრილია როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მიმართ.

ისევ აქტუალურია რუსეთის ჩარევა ევროკავშირის სახელმწიფოებში.

_ რუსეთი ერევა საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებში, _ აცხადებს აშშ-ის სენატის დაზვერვის სპეცკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკ უორნერი.

მის ინტერესებში შედის ევროკავშირისა და ნატოს დაშლა.

ორივე ორგანიზაციიდან საფრანგეთის გამოყვანის მომხრეა პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი.

_ ისინი საფრანგეთისთვის მეტისმეტად ვიწროა. ეს ორგანიზაციები ზღუდავენ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც, _ აცხადებს ლე პენი.

რუსეთს მხოლოდ საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნები არ აინტერესებს. გარკვეული ხნის წინ რუსეთის ექსპერტებმა გამოიჩინეს ინტერესი საქართველოს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების და პრეზიდენტის არჩევის წესის მიმართ. პრეზიდენტს ფართო უფლებები არ გააჩნია, თუმცა, რუსეთი ცდილობს, გააკონტროლოს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და პრეზიდენტის არჩევა.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ აგრესიის გარდა, რუსეთი საქართველოს მიმართ ზემოქმედების სხვა საშუალებებსაც გამოიყენებს.

„ფიგაროს“ცნობით, რუსეთმა მოახდინა ზეწოლა ბულგარეთზე, სადაც პრეზიდენტი რუსეთისადმი ლოიალური პოლიტიკოსი გახდა. საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 26 მარტს გაიმართა, არ მიუღიათ მონაწილეობა ქარიზმატულ პროდასავლელ ლიდერებს. აქედან გამომდინარე, ბულგარეთის მომავალი მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში ნაკლებად იქნება ორიენტირებული დასავლეთზე და მეტად _ რუსეთზე.

„ახალი თაობა“, მარიამ მჭედლიშვილი