რატომ ემუქრება ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს

გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერების შემდეგ, მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტს შორის მშვიდობა დამყარდა. ეტყობა, სავალდებულოა, ”ქართულ ოცნებაში” გიორგი მარგველაშვილს ვიღაც დაუპირისპირდეს. ეს მისია საკუთარ თავზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აიღო.

ბოლო დღეების მანძილზე პარლამენტის სპიკერი რამდენჯერმე ღიად დაუპირისპირდა პრეზიდენტს.
რამდენიმე დღის წინ კობახიძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი კარგად არ მოიქცეოდა, პრეზიდენტის არჩევის წესი უკვე მომავალი წლისთვის შეიცვლებოდა.
”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას აპირებს. მომავალში მას არა ხალხი, არამედ პარლამენტი აირჩევს. დეპუტატების განმარტებით, ეს წესი ძალაში 2023 წლისთვის უნდა შევიდეს. სპიკერის განცხადებებიდან კი ირკვევა, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებამ ეს პროცესი დააჩქაროს.
მარგველაშვილსა და მისი მხარდამჭერებს ეს განცხადება ხეირიანად მონელებული არ ჰქონდათ, რომ ქვეყნის მთავარმა კანონმდებელმა ახალი განცხადება გააკეთა.
მისი ეს განცხადება მარგველაშვილის ინიციატივას უკავშირდება, რომელიც კონსტიტუციის სახალხო განხილვას და ამ მიმართულებით ახალი კამპანიის დაწყებას ისახავს მიზნად.
კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებით პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ.
_ 10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს შეხვედრის მოწყობას, რათა საზოგადოებას გააცნოს მისი ხედვა „კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვისა“ და შესაბამისი „კამპანიის“ შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი იწვევს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, კონსტიტუციონალისტებს, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებს.
საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ, _ აღნიშნავს პარლამენტის სპიკერი.
კობახიძე ფიქრობს, რომ ახალი კამპანია მარგველაშვილმა შეგნებულად დაიწყო 10 მარტს. სპიკერი ამას პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენად მიიჩნევს.
_ საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა დანიშნა 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს თავიანთი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული. ამით გიორგი მარგველაშვილმა გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ, _ აღნიშნული სპიკერის განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა.
_ პრეზიდენტს უფლება აქვს, მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაცხადდა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება, _ მიიჩნევს ქვეყნის პირველი კანონმდებელი.
მისივე განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი.
ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა სურს.
_ კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, _ ვკითხულობთ საგანგებო განცხადებაში.
—
სპიკერის აღშფოთებამ პრეზიდენტის მხარეც აღაშფოთა.
პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა. გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, კობახიძე მუქარების შემდეგ ცდილობს, პრეზიდენტს აკრძალვებიც დაუწესოს.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავისი ინიციატივის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა განცხადება.
_ ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავაყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, რომ ძალიან ფართოდ უზრუნველვყოფდით დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა-აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს პრეზიდენტი, რომელიც თავად არის კონსტიტუციის გარანტი. ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს, _ აღნიშნა კობახიძის საპასუხოდ აბაშიშვილმა.
სპიკერის განცხადება მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის ინსტიტუტზე ტოტალური შეტევა დაიწყო. კანონმდებელი არ გამორიცხავს, რომ მალე ქვეყანსი პრეზიდენტად რომელიმე ყურმოჭრილი დეპუტატი მოგვევლინება.
_ კონსტიტუციის ნებისმიერი განხილვა არის უფლება საზოგადოების და მათ შორის პრეზიდენტის. ისეთი კონფრონტაციული განცხადება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, ის, რომ პრეზიდენტს აუკრძალო კონსულტაციები, ეს არის აუტანელი.
მიმდინარეობს ტოტალური შეტევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე. დარჩა ერთადერთი საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელსაც ანგრევენ. აუქმებენ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესს და ხვალ რომელიმე ყურმოჭრილი დეპუტატი გახდება საქართველოს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა ნიშნავს, საქართველოში საბოლოოდ დაასამარონ ხელისუფლების განაწილების დემოკრატიული პრინციპი და დამყარდეს ერთმმართველობა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, _ განაცხადა მედიასთან საუბარში რომან გოცირიძემ.
……..
ოპოზიციის რისხვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსაც დაატყდა თავს.
`ევროპული საქართველო~ არჩილ თალაკვაძეს რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დაუპირისპირდა.
_ ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ, გვაქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც შეინიშნება ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში, შეინიშნება გარკვეულ ჯგუფებს შორის, მერწმუნეთ, რომ მომავალ თვეში ეს ყველაფერი დასრულდება და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას იმ ტემპებით რა ტემპებიც 2017 წლის იანვარში უკვე ცალსახად ნათელი იყო.
მომავალ თვეში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ასევე უვიზო რეჟიმი შედის ძალაში და წინ გველოდება ძალიან დატვირთული ტურისტული სეზონი, რომელსაც ახლავს, ბუნებრივია, ახალი ეკონომიკური სტიმულები, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან, თალაკვაძე ამბობს: „რუსთავი 2 აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში.“
ოპოზიცია და მედიაექსპერტები ამ განცხადებას ხელისუფლების გაფრთხილებად თვლიან.
დაგმობილ თალაკვაძეს ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოესარჩლა. მისი თქმით, თალაკვაძის განცხადება ერმა და ოპოზიციამ არასწორად აღიქვა.
_ მსგავსი ინფორმაცია, მომავალ თვეში დასრულდება თუ არა, არ არსეობობს. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასე არ უნდა აღქმულიყო ეს განცხადება. მგონია, რომ ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და თვის ბოლომდეა ვადა, როდესაც დასაშვებობის საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლებელია, იყოს ამაზე საუბარი, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა