სანდრო ბრეგაძე: ,,უსუფაშვილი, მარგველაშვილი და ბოკერია მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნიან”

 

ვინ ქმნის საქართველოში მესამე პოლიტიკურ ცენტრს? ამის შესახებ ,,ახალ თაობას” ეროვნულების ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.

_ საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ყველაფერი თითქმის მზად არის. გაერთიანება, რომელსაც დავით უსუფაშვილი ქმნის, სერიოზულად იქნება დაფინანსებული. ამ გაერთიანებაში შევლენ არასამთავრობოების ნაწილი, ბოკერია-უგულავას დაჯგუფება და პრეზიდენტი მარგველაშვილი. მარგველაშვილთან თანამშრომლობას რომ აპირებს, ეს ინფორმაცია თავად უსუფაშვილმა დაადასტურა.

ამ გაერთიანებას დასავლეთი დააფინანსებს. სოროსის ფონდიდან მათთვის მილიონებია გამოყოფილი. საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ ამერიკულ დოლარზე. ამის შესახებ მე ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როცა მთავრობის წევრი ვიყავი და მინისტრის მოადგილის პოსტი მეკავა.

გადაწყვეტილება დასავლეთში მიიღეს და მესამე ძალა აუცილებლად შეიქმნება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე მესამე პოლიტიკური ცენტრი ალბათ არ შეიქმნება. ეს პროცესი დროში გაიწელება. ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადებიან. მათგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

არ დაელოდებიან 2020 წელს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამაში ხელს გიორგი მარგველაშვილიც შეუწყობს. ის ვადის ამოწურვამდე ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის სათავეში ეს ხალხი მოვიდეს.

ახალ გაერთიანებაში უსუფაშვილი, მარგველაშვილი და ბოკერია-უგულავას ფრთა იქნებიან.

,,ახალი თაობა”, შორენა მარსაგიშვილი