შალვა შავგულიძე: „კონსტიტუცია ყანა არ არის, რომ გადავთელოთ“

ოპოზიციამ 15 აპრილამდე მოსთხოვა ხელისუფლებას კონსტიტუციის ცვლილებების სამუშაო ვარიანტის გამოქვეყნება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საკონსტიტუციო კომისიას დატოვებენ.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

– ოპოზიციის პროტესტი იქნება კავშირში სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან. ძირეული საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილებებია, მაგრამ ასევე მთავარი საკითხია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. მმართველი ძალა ერთ დათმობაზე წავიდა გარკვეული ზეწოლის შედეგად. ეს დათმობა ეხება პრეზიდენტის არჩევის წესის ამოქმედებას, რომელიც არა ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამოქმედდება, არამედ შემდეგ არჩევნებზე.

მეორე _ მაჟორიტარული არჩევნები პროპორციული არჩევნებით უნდა შეიცვალოს და ამ წესით არჩეულ პარლამენტს მიეცეს უფლება, აირჩიოს მომდევნო არჩევნებზე პრეზიდენტი.

თუ ხელისუფლება რეალურად არ დათანხმდება სამართლიანი სისტემის შემოღებაზე, მაშინ ჩვენ, ოპოზიცია, საკონსტიტუციო კომისიას დავტოვებთ, – აცხადებს ოპოზიციონერი.

შალვა შავგულიძემ კომისიას შესთავაზა, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი პრეზიდენტმა წარადგინოს.

_ ხელისუფლებამ  თუ არ გაამჟღავნა, რას აპირებს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს მმართველი ძალა. კონსტიტუცია არ არის სიმინდის ყანა და არ შეიძლება, მივყვეთ და გადავიაროთ.

მმართველმა ძალამ საზოგადოება უნდა დაარწმუნოს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მას მართლაც უნდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და არა _ ხელისუფლების უზურპაციისთვის, – განაცხადა შალვა შავგულიძემ „ახალ  თაობასთან“.

„ახალი თაობა“, ნათია ხურცილავა