სოსო ცისკარიშვილი: „სირცხვილია, რომ ჩვენი პრეზიდენტის ლანძღვა ჩრდილო მეზობლის დედაქალაქშია დაგეგმილი“

„ოცნებისა“ და პრეზიდენტის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ „ოცნების” ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტისა და მისი ინსტიტუტის მიმართ არახალია, თუმცა უზნეობით უნდა შეფასდეს უკვე ფრაზები, რომლებსაც პარლამენტის 10-12-კაციანი ზონდერჯგუფი ისვრის პრეზიდენტის მიმართულებით.

_  ძნელად გამოსაცნობი არ არის, ვინ წვრთნის ამ გუნდს, რადგან ჩვენ უკვე მეოთხე წელიწადია, მოწმენი ვართ იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ექვემდებარება ვინმეს მიერ მის პრივატიზაციას.

საქართველოსი ერთი რიგითი მოქალაქის მთავარი ოცნება არ ასრულდა და მან იღლიაში ვერ ამოიდო პრეზიდენტის ინსტიტუტი.

ამას ჰქვია სახელმწიფოს სირცხვილი, რომელიც ჩრდილო მეზობლის დედაქალაქშია დაგეგმილი! დღეს ჩვენი პრეზიდენტი, ეს ინსტიტუტი, ისევე, როგორც სახალხო დამცველი, არის სრულიად დამოუკიდებელი და ამას ვერ ეგუება მავანი. ასეთი ბოღმის ტალღები აზვირთდა მას შემდეგ, რაც ბატონმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის ეკითხა, როგორი კონსტიტუცია სურდათ.

აქედან გამოსავალს ვხედავ მხოლოდ იმაში, რომ საქართველოში ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი ერთი კითხვით _ როგორი კონსტიტუცია გირჩევნიათ? პირველი: კონსტიტუცია ყველასთვის თუ მეორე: კონსტიტუცია _ ბიძინასთვის?! ეს იქნება სწორედ ჩვენი საზოგადოებისთვის საშუალება, რომ იყვნენ აქტიურნი ამ პროცესში, _ განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

„ახალი  თაობა“, ნონა ცაბაძე