თბილისის საკრებულოში 13 მილიონერი დეპუტატია

დედაქალაქის საკრებულოს მილიონერი დეპუტატების სია ,,ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა.
მისი თქმით, კვლევის პერიოდში შესწავლილ იქნა საკრებულოს 50 დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია.
_ ირკვევა, რომ დედაქალაქის საკრებულოში 13 მილიონერი დეპუტატია.

მილიონერებს შორის პირველ ადგილს იკავებს ,,ქართული ოცნების” წევრი თამარ ტალიაშვილი 3.383.989 ლარით. მას მოსდევს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ილია ჯიშკარიანი 3.349.705 ლარით.

,,ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ძნელაძე 2.935.134 ლარით მესამე ადგილზეა, _ ამბობს ,,ახალ თაობასთან” საუბარში ხაბეიშვილი.
,,ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიციიდან” ზაზა ვეკუა 2.510.283 ლარით მეოთხე ადგილზეა. ,,ქართული ოცნებიდან” ავთანდილ დავითაძე 2.311. 337-ლარიანი ქონებით მეხუთე ადგილზეა.
ხაბეიშვილის თქმით, მილიონერებს შორის ყველაზე უპოვარი აღმოჩნდა გიორგი ტყემალაძე. მისი ქონება 946.400 ლარია.
ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის საკრებულოში კიდევ უფრო ბევრი მილიონერია. ამის თქმის საბაბს მას საკრებულოს წევრების შეუვსებელი დეკლარაციები აძლევს.
როგორც ,,ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ,,ახალ თაობასთან” საუბარში აცხადებს, საკრებულოს 50 წევრიდან ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული 21 დეპუტატს.
_ მათ შორის არის 12 დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან”,  2 _ ნაციონალური მოძრაობიდან, 2 კი _ ,,ევროპული საქართველოდან”.

დეკლარაცია ასევე არ აქვს შევსებული პარტია ,,ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიციის” 2 და ,,პატრიოტთა ალიანსის” 1 წევრს. არშემვსებთა სიაში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და დავით მანჯავიძე, _ ამბობს ხაბეიშვილი.
დეპუტატ ჯაბა სამუშიას, მართალია, დეკლარაცია შევსებული აქვს, მაგრამ მის მიმართ ხაბეიშვილს, ,,მედიატორთან” და ,,ახალ საქართველოსთან” ერთად, განსაკუთრებული პრეტენზიები აქვს.
_ ჯაბა სამუშიას ქონებრივ დეკლარაციაში დღემდე არ აქვს მითითებული საცხოვრებელი ბინა ნუცუბიძეზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯაბა სამუშია ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა, _ განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,ახალი თაობა”, შორენა მარსაგიშვილი