თინათინ ბოკუჩავა: ,,ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის შენიშვნები არ აინტერესებს”

 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ,,ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტოს დადებით ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი მისცა.

_ სრულებით მოსალოდნელი იყო, რომ პრეზიდენტს ამ კანონპროექტისთვის ვეტო დაედო და კიდევ ერთი შანსი მიეცა საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომ ამ ფორმით არ მიეღოთ ეს კანონპროექტი, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ უმრავლესობა მზად არის, არც ერთი მოტივირებული შენიშვნა არ გაითვალისწინოს და პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტი სანამ ვეტოს დაადებდა, მანამდე წინმსწრებად აცხადებდნენ, რომ ვეტოს დაძლევდნენ. ამდენად, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებდა, რა მოტივირებული შენიშვნები ექნებოდა პრეზიდენტს.

ეს ,,ქართული ოცნებისთვის” არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, მაგრამ ეს პრობლემას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იმ ნაწილში, სადაც საუბარია ბიზნესთან ურთიერთობაზე.

პრეზიდენტი თავის მოტივირებულ შენიშვნებში საუბრობს, რომ ბიზნესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს იგივე თავსებადობის პრობლემა. ამაზე თავად ბიზნესის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ, რომ თავსებადობის მოთხოვნამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები.

თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ხდება ანაზღაურება. პრეზიდენტის შემოთავაზებით, მოლაპარაკება უნდა შედგეს სააგენტოსა და ბიზნესს შორის, საკომუნიკაციო კომპანიას შორის.

ამის შედეგად უნდა შესრულდეს თავსებადობის მოთხოვნილება. ცოტა უფრო შორს წასვლაც კი იქნებოდა შესაძლებელი.

ამ ტიპის მოლაპარაკებამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გარკვეული ტიპის ზეწოლა მოხდეს ბიზნესზე. ამიტომ ვფიქრობ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო სახელმწიფოს. თუმცა, ამ მხრივ ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი არის ეს მოტივირებული შენიშვნები, რადგან უკეთესად ითვალისწინებს ბიზნესსექტორის ინტერესს.

,,ახალი თაობა”, ნათია ხურცილავა